როგორ გაარიდეს სტალინის მუზეუმის ექსპონატები რუსებს
ცოტა ვინმემ თუ იცის, რომ სტალინის მუზეუმი გორში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მსვლელობისას ექსპონატებისგან დაცალეს და ისინი თბილისში გადმოიტანეს, რათა რუსი მოროდიორებისთვის მათი ბელადის პირადი ნივთები და სხვა ძვირადღირებული ექსპონატები გამოერიდებინათ.
მედიაჰოლდინგ “კვირას” რედაქციამ ამ მოვლენებზე საუბარი სთხოვა სტალინის მუზეუმის იმჟამინდელ დირექტორს, ბატონ რობერტ მაღლაკელიძესა და სხვა თანამშრომლებს, რომლებმაც ამ მოვლენების აღდგენის საშუალება მოგვცეს.
როგორც ჩვენი რესპოდენტები ჰყვებიან, ომის დაწყება მათთვის სრულიად მოულოდნელი იყო. რობერტ მაღლაკელიძე ასე იხსენებს ამ პერიოდს – „2008 წლის 07 აგვისტოს მუზეუმი ჩვეულ რეჟიმში მუშაობდა, არავინ არაფერი ვიცოდით ომის შესახებ, ტურისტებსაც ჩვეულებრივ ვუმასპინძლეთ. იმ საღამოს უკვე შევიტყვეთ, რომ კონფლიქტი იწყებოდა. მეორე დილით, 08 აგვისტოს უკვე გორი დაიბომბა, თანამშრომლები დროებით დავითხოვე და შენობაში დაცვის თანამშრომლებთან ერთად დირექციის წარმომადგენლები დავრჩით. დაბომბვის დროს მუზეუმის რამდენიმე მინა ჩაიმსხვრა, სხვა ისეთი არაფერი დაზიანებულა“.
იმავეს გვიყვება მუზეუმის ფონდების მთავარი მცველი, ქალბატონი ქეთევან ახობაძე – „ქალაქის დაბომბვის შედეგად მუზეუმში დაიმსხვრა მინები და, თავისთავად, საფრთხე შეექმნა აქ დაცულ ექსპონატებს, ზოგადად, მთელს მუზეუმს. გორში შექმნილი საომარი ვითარების გამო, მუზეუმის მაშინდელმა დირექტორმა, რობერტ მაღლაკელიძემ, ქალაქის ხელმძღვანელობასა და კულტურის სამინისტროსა შეთანხმებით, მიიღო გადაწყვეტილება – განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ექსპონატების ნაწილი (მემორიალური ნივთები) ქალაქიდან დროებით გაეტანა და დასაცავად გადაეცა შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმისთვის“.
„ყოველ წუთს დაბომბვის მოლოდინში ვიყავით“ – იხსენებს რობერტ მაღლაკელიძე, „10 აგვისტოს ხმა გავრცელდა, რუსები გორში შემოდიანო“.
ექსპონატების მუზეუმში დატოვება უკვე სახიფათო ხდებოდა, ამიტომაც 11 აგვისტოს დილით რობერტ მაღლაკელიძე თბილისში ჩამოვიდა და კულტურის სამინისტროს ხელმძღვანლობას ვითარება მოახსენა. სასწრაფოდ შეიქმნა კომისია მოძრავი ძეგლებისა და მუზეუმების სამმართველოს უფროსის, თეა პაიჭაძის თავმჯდომარეობით, რომელიც იმავე დღეს გაემგზავრა გორში ექსპონატების ჩამოსატანად.
„ზედმეტი ყურადღება რომ არ მიგვექცია, ყველაფერი კონსპირაციულად ჩამოვიტანეთ, კერძო მანქანებით“, – იხსენებს რობერტ მაღლაკელიძე.
თბილისიდან უკან დაბრუნებულებს გორისკენ მიმავალ გზა უკვე დაკეტილი დახვდათ. „საღამოს გორში მოვდიოდი და აღარ გამომიშვეს, იგოეთიდან გადაკეტილი იყო ყველა გზა. თბილისში დავბრუბდი და მუზეუმზე მეთვალყურეობა ჩვენს თანამშრომელს, თამარ მინდიაშვილს ვთხოვე. მან პირნათლად შეასრულა დავალება, ყოველ დღეს მუზეუმში ცხადდებოდა და მეთვალყურეობდა“, – ჰყვება რობერტ მაღლაკელიძე.
მუზეუმის თანამშრომელი, დარბაზის მეთვალყურე – თამარ მინდიაშვილი ამ მოვლენებს ასე იხსენებს – „მუზეუმის ექსპონატების გატანაში მე არ მიმიღია მონაწილეობა. გორის დაბომბვის (ცენტრის) შედეგად, მუზეუმის პირველ სართულზე არსებული ყველა ფანჯრის მინა ჩაიმსხვრა და შესასვლელის კარი გაიღო. ფანჯრების აფიცვრა მოვახერხე ფანერებით და კარიც ჩავკეტე, მაგრამ საშიშროება მაინც არსებობდა სამუზეუმო ინვენტარის დაკარგვისა, ამიტომ დღისით ყურადღებას ვაქცევდი. ღამით ქალაქში იდგნენ რუსი სამხედროები და მოქმედებდა ე.წ. კომენდანტის საათი“.
ფონდების მთავარი მცველი, ქეთევან ახობაძე იხსენებს, რომ თბილისში გადმოტანილი ექსპონატები გორს იმავე წლის 24 ოქტომბერს დაუბრუნდა – მას შემდეგ, რაც საბრძოლო მოქმედებები მორჩა და სიტუაციაც, მეტნაკლებად, დასტაბილურდა.
ეს იყო საკმაოდ რთული პერიოდი, რუსებმა არა მხოლოდ დაბომბეს (კასეტური ბომბების გამოყენებით) ქალაქი გორი, არამედ მისი დაკავების შემდეგ ინფრასტრუქტურაც მოშალეს. თამარ მინდიაშვილი ამ პერიოდს ასე იხსენებს – „გავიხსენებ გორში დარჩენილი მოსახლეობის დამოკიდებულებას: ქალაქი დარჩენილი იყო მოხუცებისა და ავადმყოფების ამარა. არ იყო ღია მაღაზია, არ იყო ელექტროენერგია, ტელეფონი, გაზი და, რაც მთავარია, არ იყო პური, მაგრამ მოსახლეობას მშველელად მოევლინა ეკლესია, რომელმაც არ მოაკლო მოსახლეობას უფასოდ: პური, ვერმიშელი, კონსერვი და სხვა. ფსიქოლოგიურად მეუფე ანდრიასგან მივიღეთ შვება, როცა მან შეშინებულ ადამიანებს იმედი ჩაგვისახა თავისი მშვიდი მომართვით, რომ გვქონოდა ღმერთის იმედი“.
რუსეთის მომხრეები ხშირად ამბობენ, რომ გორი სტალინის ავტორიტეტმა დაიცვა… სტალინის მუზეუმისა და მისი ექსპონატების ბედი ნათლად გვიჩვენებს, რომ ეს აბსურდული მტკიცებაა. ირონიული ამბავია, სწორედ რუსული აგრესიის შედეგად, სტალინის ნივთებს გარკვეული პერიოდით დევნილობაში ყოფნა ერგოთ ხვედრად.