ირაკლი ბერაია: ძალიან სასაცილოა, როდესაც ადამიანები, ვინც 2008 წელს ლამის რუკიდან გააქრეს ჩვენი ქვეყანა, საქართველოს რადარებიდან გაქრობაზე საუბრობენ

„საქართველოს ხელისუფლება დღეს არსებულ ვითარებაში აკეთებს თავის შესაძლებლობების მაქსიმუმს. „ქართული ოცნების” ხელისუფლების ძალისხმევით ოკუპირებული რეგიონების დეოკუპაციის თემა დაბრუნდა და აქტიურად არის შენარჩუნებული საერთაშორისო პარტნიორების დღის წესრიგში უმაღლეს დონეზე ის, რაც არ იყო წინა ხელისუფლების პირობებში”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია ოპოზიციის კრიტიკას ხელისუფლების მიერ დეოკუპაციის პრობლემის გადაწყვეტისთვის გატარებულ პოლიტიკასთან დაკავშირებით.

ბერაიას თქმით, ძალიან სასაცილოა, როდესაც ადამიანები, ვინც 2008 წელს ლამის რუკიდან გააქრეს  ჩვენი ქვეყანა, საქართველოს რადარებიდან გაქრობაზე საუბრობენ.

მისივე თქმით, ოკუპაცია, ერთი მხრივ, არის რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიისა და, მეორე მხრივ, „ნაციონალურ მოძრაობის, მაშინდელი ხელისუფლების – დანაშაულებრივი რეჟიმის დესტრუქციული და აგრესიული ქმედებების პირდაპირი შედეგი.

„ყველა წინაპირობა და ყველა ინდიკატორი არსებობდა ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებებისთვის ვითარების მომწიფების და ეს ძალიან კარგად იცოდა მაშინდელმა ხელისუფლებამ, თუმცა მათ თითიც კი არ გაუნძრევიათ და არაფერი გააკეთეს ამ ტრაგედიის თავიდან ასაცილებლად. დაიღუპა ჩვენი მშვიდობიანი მოსახლეობა, სამხედრო მოსამსახურეები, სამართალდამცავები, 30 ათასი დევნილი დაემატა ჩვენს ქვეყანას და უკონტროლო ტერიტორიებს დაემატა ახალგორი, კოდორის ხეობა, ასორმოცდაათზე მეტი სოფლით და, ფაქტობრივად, საქართველოს რეგიონების 22% „ნაციონალურმა მოძრაობამ” ჩააბარა რუსეთს. მოხდა ამის უკანონო აღიარება და რუსეთის დიპლომატიას მოანიშნა წითელი ხაზები, რაც, რა თქმა უნდა, ართულებს სამშვიდობო პროცეს. ჩვენ ნამდვილად არ ვაპირებთ „ნაციონალური ნაცმოძრაობის” შექმნილი და დატოვებული პრობლემების მათი რეკომენდაციებით და რეცეპტებით გადაწყვეტას. ჩვენ გვაქვს ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკა, ამბიციური დღის წესრიგი და ვმოქმედებთ ჩვენი პრიორიტეტების ფარგლებში”, – განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.​

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები