„ეს ფილმი ორ ერს შორის ყოველგვარი ეჭვის გამაბათილებელი იქნება“

„ეს ფილმი იქნება სიმართლის ამსახველი და ორ ერს – ქართველებსა და ოსებს შორის ყოველგვარი სიყალბისა და ეჭვების გამაბათილებელი. ამით ძალიან დიდ საქმეს აკეთებს ფილმის გადამღები ჯგუფი. მათ წინასწარ მადლობას ვეუბნები“, – ასე ეხმაურება პოეტი, თემურ ჩალაბაშვილი ქართველი ისტორიკოსებისა და მკვლევრების ინიციატივას, გადაიღონ ფილმი – „ცხინვალი 1920“.

– ბატონო თემურ, მავანნი 1920 წლის ბოლშევიკურ აჯანყებას ცხინვალში ისტორიული ფაქტების დამახინჯებით წარმოაჩენენ, თითქოს, ქართველებმა ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ ოსებს გენოციდი მოუწყეს…
– ისტორიულად ვიცი, რომ გენოციდი არასოდეს მომხდარა ქართველებსა და ოსებს შორის იმიტომ, რომ ოდითგანვე კარგად ვიყავით.  მერე დაარქვეს ცალკე სამხრეთი და ცალკე ჩრდილოეთი ოსეთი. როგორ, სამხრეთ ოსეთი რას ჰქვია? ეს იყო სამაჩაბლო, ჩვენი სამაჩაბლო. ცოცხალ მაგალითებსაც გეტყვით.
საუკუნის მომღერალს ჰამლეტ გონაშვილს, რომელმაც ბრწყინვალედ იცოდა საქართველოს ისტორია და ცხინვალში გაატარა ბავშვობის გარკვეული წლები, ხშირად უსაუბრია ოსი ხალხის სიყვარულსა და მის მაღალ კულტურაზე. მამამისი, ცნობილი ფოლკლორისტი – დიმიტრი გონაშვილი ცხინვალის ინსტიტუტში მოღვაწეობდა. ერთხანს ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანი იყო. მასაც აქვს ნათქვამი, ისეთი დამოკიდებულება გვქონდა ქართველებსა და ოსებს, რომ მეტი არ შეიძლებოდა, ნათელ-მირონი ვიყავით, ჩვენს კაცებს ოსის ქალები მოჰყავდათ, ქართველი ქალები თხოვდებოდნენ ოსის მამაკაცებზე.
ქართველებსა და ოსებს შორის მეგობრობაზე ბევრი რამ მოუყოლია მერაბ ელიოზიშვილსაც.  80-იან წლებში მე თავადაც მოწმე ვარ ოსი მწერლების გულმხურვალე მასპინძლობისა და სტუმართმოყვარეობისა.  ეს გენოციდის ამბავი შეთითხნილია.
დარწმუნებული ვარ, ჩვენი ისტორიკოსების ფილმი სათანადოდ წარმოაჩენს მაშინდელ ვითარებას, რაც სასიამოვნოც იქნება და გაკეთდება როგორც ქართული, ისე – ოსური საქმეც. ჩვენ სამარადისოდ ძმები ვიყავით და დავრჩებით ძმებად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები