მესხური ერდო-გვირგვინიანი საცხოვრებელი (დარბაზული) ნაგებობის სამშენებლო ტრადიციებს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მესხეთი, სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ისტორიული მხარეა – დიდი რუსთაველის მხარე, თავისი მდიდარი კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობით.
,,უძველესი ცივილიზაციების მიერ აგებული ციკლოპური ციხე-ნამოსახლარების გვერდით, აქ ვხვდებით კლდეში ნაკვეთ სამონასტრო ანსამბლებსა თუ ციცაბო კლდეებზე აღმართულ დიდებულ ციხესიმაგრეებს… და, აქვე, ხალხური ხუროთმოძღვრების შედევრს, მესხურ (სამცხე-ჯავახური) ერდო-გვირგვინიან საცხოვრებელ კომპლექსს, რომელსაც „დარბაზულს“ ან „ერთობის სახლს“ უწოდებენ – ერთობის ცნებაში ოჯახის სოციალური ერთობა, თაობათა შორის კავშირი თუ სამყაროსთან ერთიანობა იგულისხმება.
გეოგრაფიული გარემოს, რელიეფის, ლანდშაფტის, კლიმატის, მეურნეობის დარგების გათვალისწინებით შემუშავდა და ჩამოყალიბდა საცხოვრისის ეს კონკრეტული – დარბაზული ტიპი, რომელიც კომპლექსური ხასიათისაა. ბანით მომთავრებული გადახურვის ქვეშ გაერთიანებულია სხვადასხვა დანიშნულების სათავსო-ნაგებობები: დარბაზი – ერდოიან-გვირგვინიანი გადახურვით, თაკარებიანი ოდა, ახორი, მარანი, ბეღელი, ფურნე და სხვ. ამ საცხოვრისის სივრცითი ორგანიზება, კონსტრუქციული ელემენტების მხატვრული გაფორმება, თბოიზოლაციის ტრადიციული ფორმების გამოყენება ოსტატის გონივრულ, თავდაჭერილ, შემოქმედებით და მეტად გააზრებულ მიდგომებს მოითხოვს.
მესხური ერდო-გვირგვინიანი საცხოვრებელი (დარბაზული) ნაგებობა, თითქმის მეოცე საუკუნის შუაწლებამდე ინარჩუნებს თავის აქტიურ ფუნქციურ დატვირთვას, ხოლო, საუკუნეების მანძილზე დაგროვილი და თაობიდან თაობაზე გადაცემული ცოდნა მისი სამშენებლო ტრადიციების შესახებ, ჯერ კიდევ ცოცხალია.
2025 წელს, ევროპული მემკვიდრეობის დღეებს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო უერთდება მესხური ერდო-გვირგვინიანი საცხოვრებელი (დარბაზული) ნაგებობის სამშენებლო ტრადიციებისათვის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭებით.
დარბაზული სახლის ტრადიცია სრულად ასახავს ევროპული კულტურული მემკვიდრეობის დღეების წლევანდელ თემას: „არქიტექტურული მემკვიდრეობა: ფანჯარა წარსულში, კარი მომავალში“. მესხური დარბაზული სახლის გვირგვინი, სიმბოლურად განასახიერებს ფანჯარას ჩვენ ისტორიულ წარსულში… ამავე დროს, საცხოვრებლის კარი – ეს არის გზა მომავლისკენ!
ელემენტი ხაზს უსვამს უწყვეტ დიალოგს წარსულსა და მომავალს შორის — აფასებს წინაპართა ხელოვნებას და ახალ თაობებს მოუწოდებს კულტურულ მემკვიდრეობაში დაუნჯებული სამყაროსეული სიბრძნის ხელახალი აღმოჩენისაკენ”, – წერია ინფორმაციაში.