საქართველოს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და უკრაინის რეფორმების კომიტეტის ხელმძღვანლის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს ეხებოდა.
იუსტიციის მინისტრის თქმით, ექსპრეზიდენტი ქვეყნის შიგნით კრიმინალად იქცა, ქვეყნის გარეთ კი ღამურას დაემსგავსა.
„დიდი იმედი მაქვს, დადგება დრო, როდესაც აღარც თქვენ მოგინდებათ, სააკაშვილზე კომენტარი სთხოვოთ ვინმეს და, მით უმეტეს, ჩვენ არ ვიქნებით ვალდებულნი, რამე ტიპის განცხადება გავაკეთოთ იმ ფიგურაზე, რომელიც, პრაქტიკულად, ჩვენი ქვეყნის შიგნით დიდი ხანია, ქცეულია კრიმინალად და ქვეყნის გარეთ ღამურას დაემსგავსა. ცდილობს, აქ ფეხი ისევ მოიკიდოს, რისი პოლიტიკური რესურსი და შანსიც მას არ გააჩნია. იმ ქვეყნებში, სადაც ჩაივლის ხოლმე, რა თქმა უნდა, ფეხს ვერ იკიდებს, რადგან არასდროს ყოფილა რეფორმატორი. ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ეს მარგინალური, კრიმინალური ძალა რა განცხადებებს გააკეთებს. ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი და ვემზადებით მაღალი ხარისხის დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევნებისთვის, მათ შორის, იმ კომპლექსურ და რთულ პირობებში, როგორიც არის მსოფლიოს მასშტაბით პანდემია და ჩვენს ქვეყანაში ეპიდემია.
მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის შიგნით კრიმინალად იქცა, ქვეყნის გარეთ კი ღამურას დაემსგავსა“, – განაცხადა წულუკიანმა.