4 აგვისტო თემურ კილაძის დაბადების დღეა

მარჯანიშვილის თეატრის თავგანწირულ აქტიორს, ქართული სამსახიობო სკოლის ჩინებულ წარმომადგენელს, თემურ კილაძეს მთელი გულით ვულოცავ დაბადების დღეს. მის პროფესიულ კარიერას სადიპლომო სპექტაკლიდან მოყოლებული ვაკვირდები და ყოველთვის გაუნელებელი ინტერესით ველოდები მის ახალ ნამუშევარს სცენაზე. ამ მართალ და საზრიან ხელოვანს თავის სამსახიობო პალიტრაში მუდამ უხვად მოეპოვება მეტყველი ფერები, რათა ძალდაუტანებლად შექმნას ცოცხალი, მთროლვარე, ცხოვრებასთან ზედმიწევნით დაახლოებული პერსონაჟები, რომლებსაც თითქმის ოთხი ათეული წელიწადია სიხარული მოაქვს თავისი ერთგული მაყურებლისთვის.
თემურ კილაძემ გიზო ჟორდანიას სკოლა გაირა თეატრალურ ინსტიტუტში, მე მახსოვს მისი ჯგუფის გახმაურებული სადიპლომო სპექტაკლი – რეზო გაბრიაძის „სამოთხის ჩიტი“, სადაც ყველა სტუდენტი ბრწყინავდა, მათ შორის თემურ კილაძე ზიპოს როლში. ამ სპექტაკლმა იმგვარი ფურორი მოახდინა, რომ მალე მთელი ჯგუფი მაესტრო გიზო ჟორდანიას ხელმძღვანელობით მარჯანიშვილის თეატრში მიიწვიეს და თითქმის ყველა მათგანმა ამ საოცნებო თეატრის დასში პოვა თავისი ადგილი.
თემურ კილაძე არის გამორჩეულად სვებედნიერი ხელოვანი, მისი სცენური კურთხევა ხომ ვერიკო ანჯაფარიძესთან ნათამაშევი როლით შედგა აკადემიურ სცენაზე?! განა ბევრს რგებია განგებისგან ასეთი ღვთიური საჩუქარი? ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებების მიხედვით დადგმულ სპექტაკლში „ასი წლის წინათ” (რეჟისორი თემურ ჩხეიძე) ლეგენდარული ვერიკო ოთარაანთ ქვრივს განასახიერებდა, თემურ კილაძე კი მის შვილს – გიორგის. ეს იყო ურთულესი გამოცდა დამწყები მსახიობისთვის, რასაც თემურ კილაძემ მედგრად გაუძლო. ის კი არ ჩაიძირა ვერიკოს პირისპირ, არამედ გამოჩნდა საოცრად ფიქრიან და მაძიებელ დებიუტანტად, რომელსაც აღმოაჩნდა დაკვირვებისა და მოსმენის უბადლო უნარი. სწორედ ეს თვისებები დაეხმარა თემურ კილაძეს საკუთარი თავის შეცნობასა და თვითდამკვიდრებაში.
ბედის უხვი საჩუქარი აღმოჩნდა მისთვის რეჟისორ თემურ ჩხეიძესთან თანამშრომლობის ხანა. მან ამ ოსტატის არაერთ სპექტაკლში მიაღწია ჭეშმარიტ სცენურ სიხარულს და მაყურებლის აღიარებამაც არ დააყოვნა. რად ღირს თუნდაც ანდარეზი დავით გაჩეჩილაძის „ბახტრიონში“, ჰეილი არტურ მილერის „სეილემის პროცესში”, როდერიგო შექსპირის „ოტელოში”. მას მარჯანიშვილის თეატრში არაერთ რეჟისორთან მოუწია შეხვედრამ და თითქმის ყველა მათგანის სცენურ გადაწყვეტაში თემურ კილაძემ საჩინო ანაბეჭდი დატოვა. მაყურებელის მახსოვრობაში მკვეთრად შემორჩა მისი პიპა კონსტანტინე გამსახურდიას „დიდოსტატში“ (რეჟისორი დავით ანდღულაძე), ჯეკობი ბრეხტის „სამგროშიან ოპერაში”, პალტარაცკი ლევ ტოლსტოის „ჰაჯი მურატში” (რეჟ. გიზო ჟორდანია), კრისტიანი ჟან მარსანის „მაყურებლისთვის ამის ნახვა აკრძალულია” (რეჟ. დავით დოიაშვილი).  იგი სხვადასხვა დროს თავიაანთ სპექტაკლებში როლებზე მიიწვიეს რეჟისორებმა: გიორგი ქავთარაძემ, ლევან წულაძემ, ალექსი ჯაყელმა, დიმიტრი ხვთისიაშვილმა, ციცინო კობიაშვილმა, დავით საყვარელიძემ და მუდამ წარმატება იყო თემურ კილაძის თანამდევი, რაც უნდა მცირე როლი რგებოდა, იგი თავის მოკლე გაელვებითაც მნიშვნელოვან, შეუცვლელ, უნიკალურ სახედ რჩება მაყურებლის ხსოვნაში. იგი არის სცენის გამოცდილი ოსტატი, რომელსაც შეუძლია ნებისმიერ როლს მოუნახოს ზუსტი გასაღები და სცენაზე არტისტული ფეიერვერკით დაგვამახსოვროს თავი.
შეიძლება ქებული არტისტი იყო, მაგრამ ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მსახიობის პიროვნულ თვისებებს. მართალია თემურს რევაზ ინანიშვილის მიხედვით დადგმულ არცერთ სპექტაკლში სახე არ შეუქმნია, მაგრამ მე იგი ამ დიდი მწერლის სულის ნაწილი და გაგრძელება მგონია. ქართულ სცენაზე რევაზ ინანიშვილის სიწრფელეს და სისუფთავეს თემურ კილაძე განასახიერებს. მერე რა მართალი და კეთილი ადამიანია ცხოვრებაში, ყოფით ურთიერთობაში. ჩვენ ერთხანს, იმ მძიმე სამოქალაქო ომის წლებში ერთ იტალიურ ეზოში ვცხოვრობდით და მე და ჩემს ოჯახს რამდენჯერ გვიგრძვნია ამ შესანიშნავი პიროვნების სითბო და დახმარების ხელი. და არა მარტო ჩვენ. თემურმა იცის მეგობრობის, ჩუმი და უანგრო მეგობრობის ფასი და ამიტომ ის ჩემთვის განსაკუთრებით ძვირფასი ადამიანია, ის გულით უყვართ ბავშვებს, რადგან ოილად პოულობს მათი გულის გასაღებს, ჩემს შვილს, დღემდე ყველაზე კეთილ მოგონებად მოჰყვება ჩვენი თბილისური ეზო და თემურთან „მეგობრობა”…
მადლობა თემურ, მაგ დიდი გულის გამო, რაც გვირგვინად ადგას შენს კაცობას და სასცენო ღვაწლს.
მრავალჟამიერ შენს გარჯას, სამოცამდე სცენური ხასიათის შემქმნელს კი გისურვებ ახალი როლების კრიალოსანს და შენი საფიცარი სამშობლოს წინსვლას და აღმავლობას.

გიორგი ლალიაშვილი ლონდონიდან

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები