მწერალი ჯემალ ჯაყელი გარდაიცვალა

მწერალთა შემოქმედებითი კავშირის აჭარის ორგანიზაცია და ჟურნალი „ჭოროხი“  პოეტის, პროზაიკოსის, მთარგმნელისა და მეცნიერის – ჯემალ ჯაყელის გარდაცვალების შესახებ იუწყებიან.
ჯემალ ჯაყელი 1928 წლის 10 მაისს, ქედის რაიონის სოფელ კვაშტაში დაიბადა. ქედის პედაგოგიური სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, უმაღლესი ფილოლოგიური განათლება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში მიიღო . შემდეგ დაამთავრა მოსკოვის გორკის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტი. 1975 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მოიპოვა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. იყო საქართველოს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, კავკასიის ხალხთა მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.
ჯემალ ჯაყელი ავტორია წიგნებისა: „სიჭაბუკე“ (1957), „ჩანჩქერები“ (1962), „აღმართი მარადიული მშვენიერებისა“ (1971), „ლექსები“ (1973), „სფინქსი სიბრძნისა“ (1977), „რჩეული“ (1978), „ნიმფა“ (1981), „მზისა და წვიმის სერენადა“ (1988), „მზე მობრძანდება, ადამ“ (1990), „სამტომეული“ (1994), „რჩეული“ (1997), „მუჰაჯირი“ (1997), „თუ იგრძნო წამი“ (1998), „ერთტომეული“ (2003), „მაცდუნე, ევა“ (2011) და სხვ.
სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა: ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო დრამატული თეატრის ლიტერატურული ნაწილის გამგედ, აჭარის რესპუბლიკური ბიბლიოთეკის დირექტორად, გამომცემლობა „აჭარის“ დირექტორად, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბათუმის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ  მუშაკად, საქართველოს მწერალთა კავშირის აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარედ. იყო აჭარის უმაღლესი საბჭოს 3 მოწვევის დეპუტატი.
დაჯილდოებული იყო ღირსების ორდენით, აბუსერისძე ტბელის, გალაკტიონ ტაბიძის, მემედ აბაშიძის სახელობის პრემიებით.
„წავიდა ჩვენგან გვარით, ბუნებითა და ცხოვრების წესით არისტოკრატი მწერალი, რომელმაც მშვენიერი ლექსებით თაობებს შეაყვარა მესხეთ-ჯავახეთი, „ჩვენი ძირძველი დარდი, დარხეული მწუხრის ზარებად“, ციხე-ტაძარნი – თმოგვი, თორი, ჯაყი, საფარა, ზარზმა, ვარძია და სხვანი მრავალნი. მისმა მადლცხებულმა ნიჭმა და კალამმა შეამკო ჩვენი ღირსეული მამა-პაპანი, მათ გმირობას ჯვარი რომ სწერია სამარადისოდ.
ღმერთმა ნათელში ამყოფოს თქვენი დაუღლელი სული, ბატონო ჯემალ.
სამშობლო, რომლისთვისაც მზად იყავით თავი გაგეწირათ, თქვენს ხსოვნას სათუთად შეინახავს და სათუთად გადასცემს თქვენს რჩეულ ნაწარმოებებთან ერთად“, -აღნიშანულია მწერალთა შემოქმედებითი კავშირის აჭარის ორგანიზაციისა და ჟურნალ  „ჭოროხის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები