თავდასხმა ავღანეთის ციხეზე – სულ მცირე, 20 დაღუპულია
ავღანეთში, ერთერთ საპატიმროზე “ისლამური სახელმწიფოს” მხრიდან თავდასხმა მოხდა, რომლის შედეგად, სულ მცირე, 20 ადამიანი დაიღუპა.
ამის შესახებ ინფორმაცია ავღანეთის ოფიციალურმა პირებმა მას შემდეგ გაავრცელეს, რაც “დაეშმა” მომხდარზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო.
როგორც ნანგარჰარის პროვინციის საავადმყოფოში აცხადებენ, დაღუპულთა შორის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებიც არიან.
ამასთან, არ გამოირიცხება, რომ მსხვერპლთა რიცხვი შესაძლოა, გაიზარდოს, რადგან დაშავებულია 40 პირი და მათი მდგომარეობა მძიმეა.
პროვინციის გუბერნატორის, ატაულა ჰოგიანის განცხადებით, თავდასხმის შედეგად 700-მდე პატიმარი გაიქცა, თუმცა მათი დაკავება მოხერხდა.
მისივე თქმით, შეტაკებები გრძელდება, შეიარაღებული პირები შენობის შიგნით არიან გამაგრებულნი.
საპატიმროსკენ სპეცრაზმი, ასევე, ჯავშანტექნიკის რამდენიმე ერთეული მიემართება.
აღინიშნება, რომ თავდასხმის მომენტში საპატიმროში 1700-ზე მეტი პატიმარი იმყოფებოდა, მათი უმრავლესობა “ისლამური სახელმწიფოსა” და “თალიბანის” წევრებია.