არჩილ თალაკვაძე: მამუკა ბახტაძე სავარაუდოდ, პროპორციულ საარჩევნო სიაში არ იქნება, მომავალი კარიერა სხვანაირად აქვს წარმოდგენილი
პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე „ქართული ოცნების“ პროპორციულ საარჩევნო სიაში საკუთარ კანდიდატურას არ განიხილავს.
მისივე თქმით, სავარაუდოდ, მამუკა ბახტაძე პროპორციულ საარჩევნო სიაში არ იქნება, რადგან სამომავლო კარიერა სხვაგვარად აქვს წარმოდგენილი.
„მამუკა ბახტაძეს აქვს დიდი და პოზიტიური გამოცდილება, ნამდვილად იქნებოდა საპარლამენტო გუნდისთვის შენაძენი, თუმცა სავარაუდოდ, ის არ იქნება პროპორციულ სიაში, ვინაიდან მას უფრო სხვანაირად წარმოუდგენია სამომავლო კარიერა. ის საკმაოდ გამოცდილი და კომპეტენტურია საერთაშორისო ურთიერთობებში, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართულებით აქვს დიდი გამოცდილება და გუნდს ამ პოზიციებზე დაეხმარება. პოლიტიკური კონსულტაციები იყო მასთან და ჩემთვის რამდენადაც ცნობილია, ის სიაში თავს არ განიხილავს“, – განაცხადა თალაკვაძემ.