მარიამ ქვრივიშვილმა,  ტურიზმის განვითარების მიზნით,  საქართველოში მოქმედ ფოტოგრაფებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ფოტოგრაფების შორის სამუშაო შეხვედრის შემდგომ, პირველი ფოტოტური აჭარის რეგიონში მიმდინარეობს.
ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
პრემიერმინისტრის დავალებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა  ტურიზმის განვითარების მიზნით  საქართველოში მოქმედ ფოტოგრაფებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
ფოტოგრაფებთან შეხვედრის შედეგად,  დაიგეგმა  და ამჟამად უკვე მიმდინარეობს ფოტოტური,  სადაც საქართველოს ცნობილი პროფესიონალი ფოტოგრაფები არიან ჩართულები, რომლებიც ქვეყნის ყველა რეგიონს მოივლიან და, ფოტოტურების ფარგლებში, შეგროვებულ მასალებს ფართო აუდიტორიას გააცნობენ.
ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებულ  ფოტოტურში, რომელიც ამჟამად აჭარის რეგიონში მიმდინარეობს, სხვა ფოტოგრაფებთან ერთად მონაწილეობს ცნობილი ქართველი ფოტოხელოვანი – გოგა ჩანადირი, რომელსაც იმედი აქვს, რომ ფოტოებით საერთაშორისო ვიზიტორების დაინტერესებასაც შეძლებს.
“ფაქტია, რომ დღეს ფოტოგრაფიას დიდი როლი აკისრია ტურიზმის განვითარებაში, საუბარია არა მხოლოდ შიდა ტურიზმზე ასევე საერთაშორისო ტურიზმზე. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტი საშუალებას გვაძლევს ფოტოგრაფებს ჩავერთოთ სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვან პროექტში და მეტი წვლილი შევიტანოთ ტურიზმის განვითარებაში. იმედი მაქვს, რომ ჩვენი ფოტოები გავა საერთაშორისო ასპარეზზე და ამით ბევრ უცხოელ ტურისტს დავაინტერესებთ და ჩამოვიყვანთ საქართველოში – წელს თუ არა მომავალ წელს მაინც”, – აცხადებს გოგა ჩანადირი.
“მოხარული ვარ, რომ ჩვენმა შეხვედრამ, რომელიც გასულ კვირას ფოტოგრაფებთან შედგა, ნაყოფიერად ჩაიარა და უკვე ჩვენ გვიდგას შედეგი, რის ფარგლებშიც ფოტოგრაფებმა  სურვილი გამოხატეს, წასულიყვნენ ჩვენს მიერ ორგანიზებულ ტურზე.
აღნიშნული სახის ღონისძიებები ხელს შეუწყობს როგორც ფოტოგრაფების დასაქმებას და ტურიზმის განვითარებაში მათ აქტიურ ჩართულობას, ასევე ტურიზმის ინდუსტრიაში დასაქმებულების მხარდაჭერას. პროექტებში ჩართულები არიან და იქნებიან ტურისტული გიდები და სატრანსპორტო კომპანიები.
პროექტის ფარგლებში შეგროვდება ახალი ფოტომასალა, რომელიც ქვეყნის ტურიზმის პოტენციალს ასახავს და რომელსაც გამოვიყენებთ მოკლე, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში შიდა და საერთაშორისო კამპანიების დაგეგმარებისას”, – აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშილი.
პროექტის მიზანია  ქვეყნის ფოტობანკის განახლება, რაც დამატებით მოგვცემს ქვეყნის საიმიჯო ფოტო მასალას, რომლის გამოყენებაც მოხდება შიდა და საერთაშორისო მარკეტინგული კამპანიების დროს.
ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ამ პროექტით ხორციელდება ფოტოგრაფების პროფესიის ხელშეწყობა რადგან კოვიდ-19 საგრძნობლად აისახა მათ საქმიანობაზე.
მსგავს პროექტებში ჩართულები არიან და იქნებიან ტურისტული გიდები და სატრანსპორტო კომპანიები, რაც ასევე ხელს შეუწყობს ტურიზმის სექტორში დასაქმებასა და ტურისტული პროდუქტის ცოდნის მიზნობრივად გამოყენებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები