წითელმა ჯვარმა შრი-ლანკაში კრიზისის გაუარესების შესახებ გაფრთხილება გამოსცა – ციკლონმა “დიტვამ” 1,5 მილიონი ადამიანი დააზარალა

წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებების საერთაშორისო ფედერაციამ (IFRC) შრი-ლანკაში ჰუმანიტარული კრიზისის სწრაფად გაუარესების შესახებ განაცხადა.

მათივე ცნობით, ციკლონმა „დიტვამ“ სასიკვდილო წყალდიდობები და მეწყერი გამოიწვია, რამაც 1,5 მილიონზე მეტი ადამიანი დააზარალა.

„შრი-ლანკაში ციკლონმა „დიტვამ“ უპრეცედენტო ნალექი მოიტანა, რამაც კატასტროფული წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია ყველა რაიონში. 1,5 მილიონზე მეტი ადამიანი დაზარალდა, ასობით ადამიანი დაიღუპა და ათასობით იძულებით გადაადგილებული პირი გახდა“, – განაცხადა IFRC-ის სამხრეთ აზიის ქვეყნების კლასტერული დელეგაციის ხელმძღვანელმა ჯონ ენტვისტლმა.

მისი თქმით, შრი-ლანკის წითელი ჯვრის 3500-ზე მეტი მოხალისე რამდენიმე საათში გაგზავნეს სამაშველო ოპერაციების ჩასატარებლად, აუცილებელი ნივთების გასანაწილებლად და დაზიანებული გზებისა და ხიდების მიუხედავად, იზოლირებულ თემებამდე მისასვლელად.

მან აღნიშნა, რომ ოპერაციების გაფართოების მიზნით, IFRC-მა 6.2 მილიონ დოლარზე მეტი ოდენობის საგანგებო მოწოდება წამოიწყო. დახმარება მოიცავს წყალსა და სანიტარიას, ჯანდაცვის მომსახურებას, ფსიქოსოციალურ მხარდაჭერას და ფულად დახმარებას.

მისივე ინფორმაციით, ინდონეზიაში წყალდიდობის შედეგად 3.2 მილიონი ადამიანი დაზარალდა, სადაც წითელი ჯვრის საერთაშორისო ფედერაცია (IFRC) ასევე მხარს უჭერს სამაშველო სამუშაოებს.

“მოვუწოდებ საზოგადოებას სასწრაფო დაფინანსების, კოორდინაციის გაძლიერების, ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული სირთულეების დაძლევისა და კლიმატის მდგრადობაში გრძელვადიანი ინვესტიციების განხორციელებისკენ. ჩვენ ამას მარტო ვერ გავუმკლავდებით“, – აღნიშნა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები