ირაკლი კობახიძე: ძალიან კარგი წინაპირობები შევქმენით 2025 წელს, რომ 2026 წელი იყოს კიდევ უფრო მეტად წარმატებული, უსაფრთხო და პროგრესით აღსავსე ჩვენი ქვეყნისთვის, სახელმწიფო არის სუვერენული და ძლიერი როგორც არასდროს და ხელისუფლება არის ძლიერი და ერთ მუშტად შეკრული, როგორც არასდროს
ძალიან კარგი წინაპირობები შევქმენით 2025 წელს, რომ 2026 წელი იყოს კიდევ უფრო მეტად წარმატებული, უსაფრთხო და პროგრესით აღსავსე ჩვენი ქვეყნისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერში“ განაცხადა.
მისივე თქმით, სახელმწიფო არის სუვერენული და ძლიერი როგორც არასდროს და ხელისუფლება არის ძლიერი და ერთ მუშტად შეკრული, როგორც არასდროს.
„ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რაც 4 ოქტომბრის მოვლენებმაც დაადასტურა და რაც გვაძლევს მეტი სიმშვიდის საშუალებას, ეს შემიძლია გითხრათ, განსაკუთრებით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში განვითარებული პროცესების საფუძველზე, როდესაც, იგივე, შეიცვალა ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურების ხელმძღვანელობა – დღეს, სრულიად სხვა დონეზეა, თუნდაც 5 თვის წინანდელ ვითარებასთან შედარებით, სახელმწიფოს რისკების მიმართ მზაობის დონე. მათ შორის, სამართალდამცავ სტრუქტურებში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე. შსს, სუს-ი, პროკურატურა, ყველგან გვქონდა ხელმძღვანელობის დონეზე ცვლილებები და კიდევ ერთხელ, 4 ოქტომბერი რომ გავიხსენოთ, როგორ იყო მართული ეს პროცესები, პირველ რიგში უსაფრთხოების სამსახურისა და შსს-ს მიერ. ამ ყველაფერმა დაადასტურა, რომ ჩვენ გვაქვს მზადყოფნის სრულიად სხვა დონე, რომ დავუპირისპირდეთ ნებისმიერი ტიპის რისკებს, პერსონალურ დონეზე და ინსტიტუციურ დონეზე გვაქვს ხელშესახები ცვლილებები ყველა მიმართულებით და ნებისმიერი რისკის მართვა შეგვიძლია ბევრად უფრო ეფექტიანად და ეფექტურად, ვიდრე ეს ხდებოდა თუნდაც შარშან და იმის წინა წლებში. ეს გვაძლევს სიმშვიდის საშუალებას, თუმცა არ უნდა მოვდუნდეთ და მაქსიმალური სიფრთხილეა საჭირო. რისკები რჩება, არიან გარე ძალები, გავლენიანი გარე ძალები,რომლებიც ქვეყნის შიგნით მართავენ ამ ოპოზიციურ პროცესებს, მათ რესურსი ბუნებრივია აქვთ, ისინი თესავენ სიძულვილს, მაგრამ ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ დღეს, სახელმწიფო არის სუვერენული, ძლიერი როგორც არასდროს, ხელისუფლება არის ძლიერი და ერთ მუშტად შეკრული როგორც არასდროს. ორი ძირითადი მიმართულება იყო, სადაც ჩვენ გვქონდა ფუნდამენტური ცვლილებები სამთავრობო გუნდში – ეს იყო სამართალდამცავი სტრუქტურები და ეს იყო ეკონომიკის სექტორი და ერთი და მეორე გვაძლევს ჩვენ საშუალებას, რომ მაქსიმალური ეფექტიანობით ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებასა და ეკონომიკურ წინსვლაზე. ძალიან კარგი წინაპირობები შევქმენით 2025 წელს, რომ 2026 წელი იყოს კიდევ უფრო მეტად წარმატებული, უსაფრთხო და პროგრესით აღსავსე ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა პრემიერმა.