ირაკლი კობახიძე: შარშანაც იყო ძალიან ბევრი გამოწვევა ჩვენს გარშემო, მაგრამ ჩვენ შევძელით ეკონომიკური ზრდის სწრაფი ტემპის შენარჩუნება და დარწმუნებული ვართ, შევძლებთ მომავალ წელსაც

2026 წელს ძალიან ბევრი გამოწვევა დარჩება, მათ შორის პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური გამოწვევები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერში“ განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა,  ეკონომიკაში უარყოფითი ტენდენციებია გლობალურად, მათ შორის ევროპის კონტინენტზე და რეგიონშიც, რაც ნაწილობრივ განპირობებულია ნავთობზე ფასების კლებით და სხვა ფაქტორებით.

„წლის დასაწყისში ჩვენი ოპონენტები აპოკალიპტურ სურათს ხატავდნენ, რომ წლის ბოლოსთვის ეკონომიკა იქნებოდა მინუსში, ანუ მინუსით დაასრულებდა ეკონომიკურ ზრდას ქვეყანა, ლარის კურსი 3,1-ს გადასცდებოდა და ა.შ. ასეთი პროგნოზები მოვისმინეთ წელს იანვარში, თუმცა მოგეხსენებათ, რომ სხვა მიმართულებით განვითარდა პროცესები. დაახლოებით წლის ბოლოსთვის 7,5 პროცენტი იქნება ჩვენი ეკონომიკური ზრდა, როცა მინუსს ამბობდნენ მათი ე.წ. ექსპერტები, სინამდვილეში პოლიტაქტივისტები. ამბობდნენ, რომ ლარის კურსი 3,1-ს გადასცდებოდა და 2,7-ის ფარგლებშია ლარის კურსი. სავარაუდოდ 6 მილიარდ დოლარს გადასცდება ჩვენი სავალუტო რეზერვები პირველად ისტორიაში და ა.შ. პირველად ისტორიაში, ჩვენი ეკონომიკა გადასცდება 100 მილიარდ ლარს და ერთ სულ მოსახლეზე 10 ათას დოლარს და მსყიდველობითი უნარის პარიტეტის გათვალისწინებით, გადასცდება 30 ათას დოლარს, რაც ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია. შარშანაც იყო ძალიან ბევრი გამოწვევა ჩვენს გარშემო, მაგრამ ჩვენ შევძელით ეკონომიკური ზრდის სწრაფი ტემპის შენარჩუნება და დარწმუნებული ვართ, რომ ამას შევძლებთ მომავალ წელსაც“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები