როგორ უნდა მივხვდეთ, ნაკბენი შხამიანი გველისაა, თუ არა? – სპეციალისტის განმარტება

რა სახეობების გველი გვხვდება თბილისსა და მის შემოგარენში? რამდენი შხამიანი სახეობაა? რა უნდა იცოდეს მოქალაქემ, თუ გველს დაინახავს? – ამ საკითხებთან დაკავშირებით მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ჰერპეტოლოგმა, დავით ბუიშვილმა ისაუბრა.

„თბილისსა და მის შემოგარენში გავრცელებულია 16 სახეობის ქვეწარმავალი. მათგან 2 არის შხამიანი – გიურზა და ცხივირქოსანა გველგესლა. ისინიც ძალიან იშვიათად ჩნდებიან. მცურავების ოჯახია ძალიან დიდი სპექტრით, სხვადასხვა ფერში არიან. რაც მთავარია, არ არიან შხამიანები. ხშირი გამოძახებებია გველხოკერებზე. ბევრმა არ იცის, რომ გველხოკერა უფეხო ხვლიკია.
თბილისში ყველა უბნიდან მოდის გამოძახებები. არ შემიძლია იმის თქმა, რომ რომელიმე კონკრეტული უბნიდანაა ბევრი გამოძახება.
როცა ადამიანი გველს დაინახავს, პირველი, რაც უნდა გააკეთოს – არ უნდა დაიბნეს, არ უნდა შეშინდეს. თუ შეეშინდება, ყველაფერი დაკარგულია. თუ გველი დაინახა ადამიანმა, მას გვერდი უნდა აუქციოს და სამაშველო სამსახური გამოიძახოს. თუ ადამიანი გამოუცდელია და ქვეწარმავლის დაჭერას ცდილობს, ამ დროს გველი თავს იცავს და იკბინება. სხვა შემთხვევებიცაა, შესაძლოა, ადამიანი მიდის და ვერ ხედავს გველს, გველი შიშინებს. შეიძლება, ვერ დააფიქსიროს ეს ადამიანმა და ახლოს გაუაროს, ამ დროს კი შემთხვევით გველმა უკბინოს. გველი თავის ტერიტორიას იცავს.
გველის მიერ დაკბენის შემთხვევაში ერთადერთი სწორი ქმედება რაცაა – არ უნდა ჩავარდეთ პანიკაში და მიიღოთ რაც შეიძლება მეტი სითხე. ამ დროს შხამს სისხლის მოწამლვა გაუჭირდება. დანარჩენი კი – სტაციონარში“, – განაცხადა ჰერპეტოლოგმა.

არაშხამიანი გველის ნაკბენი

მანვე განმარტა, როგორ უნდა მივხვდეთ, ნაკბენი შხამიანი გველისაა, თუ არა.

„შხამიანი გველის ნაკბენის შემთხვევაში ორი ნაკბილარია, ორი წერტილი აღინიშნება კანზე. როცა გველი კბენს ადამიანს, ბევრი სისხლის არ იქცევა, როცა ეშვებს ამოაძრობს, ნაკბენი ადგილი იკვრება და გალურჯებას იწყებს. ხშირად ისეც ხდება, რომ ერთი ნაკბილარია და ექიმი ვერ ხვდება. რა ხდება ამ დროს: გველს შეუძლია, ერთი კბილი დაკარგოს ნადირობისას და რჩება ერთი. იმ ერთი კბილითაც როცა კბენს ადამიანს, ისევე იშხამება ორგანიზმი, როგორც – ორი კბილით კბენისას. თუ გველი შხამიანი არაა, ნაკბენის ადგილას მრავალი წვრილი ნაკბილარია”, – განმარტა დავით ბუიშვილმა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები