არქეოლოგიური კვლევები შუა საუკუნეების დმანისის ნაქალაქარზე

დმანისის ნაქალაქარზე კვლევითი პროექტის ფარგლებში სამეცნიერო ჯგუფი შუა საუკუნეების დმანისის საქალაქო ცხოვრების, ქალაქის გეგმარებითი სტრუქტურისა და მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური, ეთნიკური და კონფესიური კუთვნილების საკითხებს სწავლობს. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე არქეოლოგიურ სეზონზე, რომელიც ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგთა ჯგუფი სამუშაოებს ნაქალაქარის რამდენიმე უბანზე აწარმოებს.
კვლევები დმანისის სიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, ე.წ „ბურჯიანი მეჩეთის“ ადგილას და დმანისის შუა საუკუნეების ნაქალაქარის სამაროვანზე მიმდინარეობს. სამაროვანის ქრისტიანულ ნაწილში უკვე გამოვლენილია სხვადასხვა ტიპის საფლავის ქვებით მოწყობილი მიწისზედა მემორიალური ძეგლები, რომლებიც დმანისელ მოქალაქეებს ეკუთვნით და XIII-XIV საუკუნეებით თარიღდება.
„დმანისის მთავარი ქრისტიანული ტაძრის, დმანისის სიონის მიმდებარე ტერიტორიაზე წარმოებული სამუშაოების შედეგად ხილული გახდა ამ ტაძართან არსებული სხვადასხვა საცხოვრებელი ნაგებობების ნაშთები. მოპოვებული არქეოლოგიური მასალები და მონაცემები კი დმანისის სიონის ტაძრის თარიღისა და არქიტექტურული შენობების აგების გარემობების განსაზღვრის საშუალებას იძლევა. დმანისის ნაქალაქარის ცენტრალურ ნაწილში მდებარე XIII-XIV საუკუნეების ე.წ „ბურჯიანი მეჩეთის“ ნაშთების ადგილას კი გათხრების შედეგად გამოვლიდა სავარაუდოდ მეჩეთთან დაკავშირებული სხვადასხვა დამხმარე ნაგებობების ნაშთები.
არქეოლოგიური პროექტის კვლევითი ეტაპის დასრულების შემდგომ, გამოვლენილ არქეოლოგიურ და არქიტექტურულ შენობა-ნაგებობებზე კონსერვაცია-რესტავრაციის პროცესი განხორციელდება, რაც სამომავლოდ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე საექსპოზიციო გარემოს მნიშვნელოვნად გაამრავალფეროვნებს“, – აღნიშნავენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში.
ციხე-ქალაქი დმანისი IX-X საუკუნეებში წარმოქმნილი და ამიერკავკასიის უმთავრეს სავაჭრო მაგისტრალებზე მდებარე ნაქალაქარია, რომელმაც განსაკუთრებულ ეკონომიკურ აღმავლობას XII-XIII საუკუნეებში მიაღწია. ამ დროისათვის, დმანისი ხელოსნური წარმოებითა და ვაჭრობით ცნობილ ურბანულ ცენტრს წარმოადგენდა. მრავალეთნიკური, სხვადასხვა კონფესიური ჯგუფებით დასახლებული ქალაქი შუა საუკუნეების საქართველოში საყოველთაოდ დასადგურებული რელიგიურ-ეთნიკური ტოლერანტობის ამსახველ მოვლენას წარმოადგენს. დღეისათვის, ნაქალაქარად ქცეულ ტერიტორიაზე, რომელსაც შემდგომი პერიოდის რეოკუპაცია არ განუცდია, თვალსაჩინოდ იკითხება ძველი ქალაქის მოსახლეობის ეთნიკურ-კონფესიური სურათი. იგი სხვადასხვა რელიგიური სალოცავების, ხუროთმოძღვრული ნაშთებითა და ქალაქის სამაროვანზე ქართულ-სომხურ ქრისტიანული და არაბულ-მუსლიმური დასაკრძალი მემორიალებით გადატვირთული უბნებითაა წარმოდგენილი. დმანისი, როგორც შუა საუკუნეების საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი ქალაქი XIV საუკუნის ბოლოს, თემურ ლენგის ლაშქრობების შედეგად განადგურდა. დმანისში პირველი გეგმიური არქეოლოგიური გათხრები XX საუკუნის 30-იანი წლებში განხორციელდა, რითაც საფუძველი ჩაეყარა საქართველოს შუა საუკუნეების არქეოლოგიას, როგორც ცალკე მიმართულებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები