„იზოლაციის კედელი“ – ქეთი მატაბელისა და გია გუგუშვილის ერთობლივი ექსპოზიცია

30 ივლისიდან ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში ორი არტისტის – ქეთი მატაბელისა და გია გუგუშვილის ერთობლივი ექსპოზიცია გაიხსნება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ნამუშევრები თვითიზოლაციის პერიოდშია შექმნილი.
„სახლი – სახელოსნო – მუზეუმი – პანდემიის პერიოდში ქეთი მატაბელმა და გია გუგუშვილმა ამ ფორმულით იცხოვრეს.
არტისტებმა რამდენიმეთვიან ჩაკეტილობაში თავისუფლების მოპოვება ხელოვნებასთან შეხებით შეძლეს. პირველად შედგა ორი მხატვრის ამ ტიპის კოლაბორაცია და კოვიდ 19-ის ეპოქაში მათ ერთობლივი ნამუშევრებიც კი შექმნეს. ახალი გამოფენის იდეა სწორედ ამის შემდეგ გაჩნდა.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 70-მდე ფერწერული ნამუშევარი. მათ შორის რამდენიმე დიდი ტილო, ძირითადად კი მცირე ზომის ფორმატები“, – აღნიშნულია ორგანიზატორების მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
დამთვალიერებელი პირველად იხილავს ქეთი მატაბელის და გია გუგუშვილის ერთობლივ ნამუშევრებს სათაურით – ,,ბრტყელი სივრცე” (შერეული ტექნიკა, ზეთი.)
კომპოზიციის ფორმის დამუშავება ქეთი მატაბელს ეკუთვნის, ფერი კი – გია გუგუშვილს.
ასევე საინტერესოა, რომ გია გუგუშვილმა ბოლო 10 წლის მანძილზე პირველად იმუშავა ვერტიკალურ ფორმატზე.
„ცირკის თემა, ერთგვარი რეპლიკაა ,,დაუჯერებელი ისტორიებისა ,,რატომ პატარა ზომები? დიდი ნახატების ენერგიის გადანაწილება მცირე ზომის ნახატებში მრავალფეროვნებას უწყობს ხელს.. ჩვენ ხომ სახლი ვაქციეთ სახელოსნოდ და პატარა მუზეუმად.! კოლაბორაცია გრძელდება!.“ – გია გუგუშვილი.

არტისტების ბიოგრაფია

ქეთი მატაბელი – დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი 1978 წელს. 1981-1995 წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის და თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფერწერის პედაგოგი, თბილისის მხატვრის სახლის რესტავრატორი. არის ავტორი ფერწერული სერიისა “ძველი თბილისი” (1984). გაფორმებული აქვს: ქუთაისის დრამატული თეატრის სპექტაკლი “დონ ქრისტეფორე დე კასტელის ალბომი” (რეჟისორი ნ. გაგნიძე, 1995); რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტული სცენა “აქ მატარებლებს თეთრად ათოვს” (ანდრე მორუა, რეჟისორი მ. სურმავა, 1996); ტელესპექტაკლი “რაინერ მარია რილკეს პოეზია” (საქართველოს ტელევიზიის პირველი არხი, რეჟისორი მ. სურმავა, 1994); წიგნი “ეროვნული ღირსებისათვის” (2001).
მონაწილეობდა გამოფენებში: “არტ მანეჟი” (მოსკოვი, 1997); “არტ მესე” (გერმანია, 1999); თბილკრედიტბანკი (თბილისი, 2001); არტ სალონი (ლონდონი, 2002); პარიზი (2003), გერმანია (2003, 2004), ვენა (2005), თბილისი (2005), პარიზი (2014), ლონდონი (2015), თელავივი (2015), ვარშა (2015). 2015 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პედაგოგი.
მისი ნამუშევრები დაცულია: საქართველოს ეროვნული მუზეუმის დ. შევარდნაძის ეროვნულ გალერეაში; საქართველოს, აშშ-ის, რუსეთის, გერმანიის, შვეიცარიის, საფრანგეთის კერძო კოლექციებში.
ფერმწერი, გრაფიკოსი, კოლაჟების და ასამბლაჟების ავტორი. ფესტივალ “ქართული სულის” სპეციალური ჯილდოს მფლობელი (2015).

ჯილდოები, პრემიები და პრიზები:

2013 – თბილისის საპატიო მოქალაქე;
2013 – შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია

გია გუგუშვილი – დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია მხატვარ-ფერმწერის კვალიფიკაციით 1977 წელს. სხვადასხვა წლებში მუშაობდა თბილისის მხატვრის სახლის ნატიფი ხელოვნების განყოფილების გამგედ, საქართველოს მხატვართა კავშირის გამგეობის მდივნად (1988), საქართველოს ფოსტაში “ქართული მარკის” დირექტორად;
2004-2006 წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პრორექტორი;
2006-2009წწ. თსსა სრული პროფესორი, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის დეკანი;
2013 წელს კონკურსის შედეგად აირჩიეს სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის სრულ პროფესორად; 2014 წელს აირჩიეს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორად;
მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ ადგილობრივ და საერთაშორისო პერსონალურ თუ ჯგუფურ გამოფენებში. მისი ნამუშევრები ინახება საქართველოს ეროვნული მუზეუმში, აჭარის ხელოვნების მუზეუმში (ბათუმი), აღმოსავლეთის მუზეუმში (მოსკოვი), კრისტოფ მერიანის ფონდში (ბაზელი), ნორტონ დოდჯ მუზეუმში (ფილადელფია), ასევე ქართულ და უცხოურ კერძო გალერეებსა და კოლექციებში.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები:
2014 – ორგანიზაცია “ქართული სულის” ჯილდო , ქართულ კულტურაში გაწეული ღვაწლისთვის;
2007 – დუბაის არტ-სიმპოზიუმის გამარჯვებული;
1994 – სახელმწიფო პრემია;
1987 – ოსაკას საერთაშორისო სიმპოზიუმის გამარჯვებული;
1986 – ბულგარეთის საერთაშორისო სიმპოზიუმის გამარჯვებული;
1984 – მხატვართა საკავშირო გამოფენა (მოსკოვი), გამოფენის საუკეთესო მხატვარი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები