კახა კალაძე: კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული 55 ოჯახი ბინით დაკმაყოფილდება
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული 55 ოჯახი ბინით დაკმაყოფილდება.
მისივე თქმით, მთლიანობაში 3 500-მდე ოჯახია დაზარალებული და საცხოვრებელი ფართებით მათი დაკმაყოფილება ეტაპობრივად, სოციალური ქულების რაოდენობის მიხედვით მოხდება.
„კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულია 3 500-მდე ოჯახი. 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ეს ვალი სახელმწიფოს აღიარებული აქვს და ჩვენ დავპირდით ამ ადამიანებს, რომ პრობლემას მოვაგვარებდით და, რა თქმა უნდა, გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯები. ბევრი ოჯახი უკვე საკუთარი ბინების მოლოდინშია, სადაც უშუალოდ მშენებლობები მიმდინარეობს. გამოცხადებული გვქონდა ინტერესთა გამოხატვა 17 500 კვადრატულ მიწის ნაკვეთზე, ზემო ფონიჭალაში და უკვე გვყავს გამარჯვებული კომპანია „პერსპექტივა“, რომელმაც უნდა, დააკმაყოფილოს „თეთრი კარკასის“ სახით დაზარალებული ოჯახები. 4 000 კვადრატული მეტრი ფართის გადმოცემა მოუწევს ამ კომპანიას და დაკმაყოფილდება 55 ოჯახი. ჩვენ, რა თქმა უნდა, თანმიმდევრულად მივყვებით ამ პროცესს და მომდევნო დღეების განმავლობაში აუცილებლად კიდევ მოგაწვდით დამატებით ინფორმაციას, თუ რამდენი ოჯახი დაკმაყოფილდება. თვითონ თანმიმდევრობას რაც შეეხება, სოციალური ქულების მიხედვით მივაწოდებთ ადამიანებს ბინებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.