გია ვოლსკი: დავით სერგეენკომ საკმაოდ ბევრი გააკეთა, რათა კონკრეტულ კრიტიკას გაუძლოს და საპირისპიროდ უამრავი კეთილი საქმე მოგვაგონოს, რომელიც უკეთებია

“დავით სერგეენკომ საკმაოდ ბევრი გააკეთა იმისათვის, რათა კონკრეტულ კრიტიკას გაუძლოს და ამის საპირისპიროდ ის უამრავი კეთილი საქმე მოგვაგონოს, რომელიც მას ამ სახელმწიფოში რეალურად უკეთებია”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცესპიკერი, გია ვოლსკი ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის განცხადებას.

ვოლსკის თქმით, თუ რაიმე პრობლემა არსებობს, ჯანდაცვის სისტემას მოგვარების კომპეტენცია გააჩნია.

“დავით სერგეენკო არის ადამიანი, რომელიც სათავეში ჩაუდგა რეფორმას, რამაც მოიტანა ის, რომ ადამიანების ძალიან დიდი რაოდენობა სიკვდილს გადაურჩა. მარტო ცე ჰეპატიტთან სამედიცინო სფეროს დაპირისპირება რად ღირს საამისოდ, თუნდაც, საყოველთაო დაზღვევა და ხანშიშესულთა მოვლა- პატრონობა, რომელსაც საერთოდ არ ექცეოდა ყურადღება. რამდენადაც ვიცი, ინფექციურის მატერიალური ბაზა გარკვეულწილად დაზიანებულია და მოითხოვს გაცილებით მეტ ყურადღებას. სერგეენკომ თვითონ გააკეთა განცხადება და ჩვენი საზოგადოება შეჩვეულია, რომ ნებისმიერი გარეთ გამოტანილი მოსაზრებები, რაც ერთმანეთს უპირისპირდება, არის სკანდალის საფუძველი, რასაც მე ვერანაირად  დავეთანხმები. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა პრობლემები აქვს ამა თუ იმ სფეროს, საავადმყოფო იქნება თუ საწარმო და რა პასუხი აქვს ამას საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც ასევე წარმოადგენს სახელმწიფო სტრუქტურებს. ასე რომ, უნდა მივეჩვიოთ, რომ სახელმწიფოს ერთმა შტომ მეორესთან შეიძლება იკამათოს და დამოუკიდებლები არიან ექიმები თავის ხედვებში და ანალიზიც საკმაოდ დამოუკიდებელია, თუმცა – მკაცრი.

დავით სერგეენკომ საკმაოდ ბევრი გააკეთა იმისათვის, რათა კონკრეტულ კრიტიკას გაუძლოს კიდეც და ამის საპირისპიროდ ის უამრავი კეთილი საქმე მოგვაგონოს, რომელიც მას რეალურად უკეთებია ამ სახელმწიფოში და თუკი რაიმე გასასწორებელია, ჯანდაცვის სისტემას აქვს კომპეტენციაც, ორგანიზებული მმართველობაც, რომ ეს პრობლემები იქნას გამოსწორებული”, – განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრმა განცხადება გაავრცელა – „რა გაუკეთა“ და „რა გაუფუჭა“ ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ბატონმა დავით სერგეენკომ ქართულ მედიცინას?”.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები