„ყოველდღე ვგრძნობ დიდ სიყვარულს და მადლიერებას პაციენტებისგანაც და მსმენელისგანაც“ – ქირურგი, რომლის ნამღერი „ლალეც“ შვიდჯერ მოისმინა პატრიარქმა

სოციალურ ქსელში ჩემი ყურადღება ახალგაზრდა კაცის სიმღერამ მიიპყრო, იგი პერიოდულად თავისი ხმით ატკბობს მეგობრებს, დადებით მუხტს ჰმატებს მათ. ორმაგად გამახარა იმ ფაქტმა, როდესაც გავიგე, რომ ეს ახალგაზრდა კაცი პროფესიით ქირურგია, მაგრამ უსიმღეროდ ცხოვრება ვერ წარმოუდგენია.
დაიბადა სიღნაღის აიონის სოფელ მაღაროში. სწავლობდმაღაროს სოლომონ დოდაშვილის სახელობის საჯარო სკოლაში.
2013 ელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი. მე-4 კურსიდან მე-6 კურსის ჩათვლით  პრეზიდენტის სტიპენდიატი იყო.
დიპლომის შემდგომი განათლება მიიღ კიევში,  შუპიკის სახელობის დიპლომის შემდგომი განათლების სამედიცინო აკადემიაში. 2016 წლიდან მუშაობ თელავში, 2018 წლიდან კი თელავსა და გურჯაანში, ზოგადი ქირურგისა და ენდოსკოპისტის პოზიციაზე.
ბავშვობიდან უყვარს ქართული ხალხური სიმღერა.  სოფელში ხალხურ საკრავთა (ფანდურის) წრეზე 4 წელი იარა, მუსიკალური სკოლა (შვიდწლედი) კი ფორტეპიანოს განხრით დაამთავრა. – ქირურგისა და ენდოსკოპისტის, გიორგი გოგინაშვილის პერსონა.

– მიუხედავად იმისა, რომ 90-იანი წლების (აფხაზეთისა და სამაჩაბლოს სამოქალაქო ომის)… ბავშვი ვარ, დღევანდელი გადასახედიდან ვთვლი, რომ ძალიან საინტერესო ბავშვობა იყო – გულწრფელი, ნამდვილი ადამიანური ურთიერთობებით გაჟღენთილი, რისი აშკარა ნაკლებობაც დღეს საგრძნობია. ძალიან ტკბილად მახსენდება საბავშვო ბაღი, სადაც დაიწყო  ხელოვნების დარგში ჩემი აქტივობა. სიმღერა, ლექსების წაკითხვა
მშობლები არიან ის ადამიანები, ვინც დღიდან ჩემი  (და ჩემი და-ძმისაც) დაბადებიდან ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ჩემთვის ესწავლებინათ შავის და თეთრის გარჩევა ბავშვობაშივე, სწორ გზაზე სიარული… ისინი საათობით ისხდნენ ჩვენ გვერდით, ლამპის შუქზე და გვამეცადინებდნენ…
მათ აბსოლუტურად სწორად აქვთ  გააზრებული მშობლის როლი და მნიშვნელობა შვილთან დაკავშირებით…თუნდაც მხოლოდ იმიტომ ვარ ბედნიერი, რომ ასეთი მშობლები მყავს
მაღაროს სოლომონ დოდაშვილის სახელობის საჯარო სკოლა დაამთავრეთ. რომელი საგნები გიყვარდათ და სიმღერას რა ადგილი ეკავა მაშინ?
სკოლის პერიოდიც ძალიან საინტერესოდ მახსენდება… პირველ ყოვლისა, დაწყებითების მასწავლებელი, დღეს უკვე მოხუცი, რომელთან ურთიერთობასაც არ ვწყვეტ… იგი, თავის დროზე, ძალისხმევას არ იშურებდა თავისი მოსწავლეებისთვის… მახსოვს, მე-3 კლასში, რუსულად წერას ვსწავლობდით და, რუსულის მსგავსად,  ქართული ასოების „გადახრით წერას“ მივეჩვიე… საათობით იდგა და მაწერინებდა ლამაზად, სწორად…
მე-2 კლასში, ბებოს დაჟინებით და ინიციატივით, მიმიყვანეს ფანდურის წრეზე… 1997 წელს.
აქვე აღვნიშნავ პაპა-ბებიებისადმი ჩემს უდიდეს სიყვარულსა და პატივისცემას… არცერთი აღარ მყავს…
ბებო, მამის დედა, დამყვებოდა, ძალიან დიდი ნებისყოფით, ფანდურის სწავლისას… ვისწავლე რა სიმღერა და აღმოჩნდა, რომ ჩემ გარდა ეს სხვებსაც მოსწონდათ, გარდა სკოლის შიდა ღონისძიებებისა, აქტიურად ვიყავი ჩართული რაიონულ, რეგიონალურ თუ რესპუბლიკურ სხვადასხვა ღონისძიებაში
სკოლაში კარგად ვსწავლობდი…ფრიადოსანი ვიყავი. ერთნაირად ვსწავლობდი თითქმის ყველა საგანს. ვერ ვიტყვი, გამორჩეულად რომელი მიყვარდა.
– მუსიკალური სკოლა შვიდწლედი დაამთავრეთ, გიყვარდათ ქართული ხალხური სიმღერაც.  და მაინც სამედიცინოზე ჩააბარეთ…

მასწავლებელთან – პანტელეიმონ ივანეს ძე კოლესნიკთან ერთად

არჩევანი, გავმხდარიყავი ექიმი, განაპირობა მშობლების მაგალითმა, ცხოვრების წესმა, ორივე ექიმია… სხვათა შორის,  უკვე უფროს კლასებში მყოფს ძალიან მინდოდა მსახიობობა, მაგრამ გავითვალისწინე რა კარგად მომავალში ყოველდღიურად საკეთებელი საქმე, კვლავ ექიმობამ გადამძალა… თუმცა არც ასე მარტივად მივხვდი, რომ ნამდვილად ექიმობა მსურდა, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ (იქაც თითქმის ერთნაირად ვსწავლობდი ყველა საგანს) კიევში უშუალოდ პრაქტიკული საქმიანობის აქტიურად დაწყებამ მიმახვედრა, რომ ეს იყო ჩემი საქმე…
კიევში ზოგადი ქირურგიის, შემდეგ კი ენდოსკოპიის განხრით სწავლობდით. ქირურგიამ გაგიტაცათ?
– დიახ, ქირურგიამ გამიტაცა, თან, ძალიან… რატომ? იმიტომ რომ ხშირად შედეგს ძალიან სწრაფად ხედავ, მდგომარეობის გაუმჯობესება/გამოჯანმრთელება, მალევე დგება ოპერაციის შემდეგ, მერე ეს გახარებს, შეიძლება ბევრისათვის მთლად კარგად აღქმადი არ იყოს, მაგრამ  ამ ფორმით მიღებული სიხარული ერთ რამედ ღირს…მერე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა კიევში ჩემმა ქირურგიის მასწავლებელმა, მისმა ადამიანურმა ფაქტორმა, საქმისადმი, ავადმყოფი ადამიანისადმი დამოკიდებულებამ, ეს უნდა გენახათ… სიტყვებით რთულია გადმოვცე მაშინდელი ემოცია, რომელიც ხდებოდა ხოლმე პალატაში, ოპერაციამდე და მას შემდეგ…
უდიდესი მნიშვნელობა აქვს ავადმყოფთან ურთიერთობაში სიტყვების გაფილტვრას, შერჩევას…ძალიან ხშირად გონებაში წარმოშობილი აზრი სიტყვებად, წინადადებებად არ უნდა აქციო, საათები  საკმარისი არაა ავადმყოფის ფსიქოტიპის შესასწავლად…ერთს რომ „ამ ფორმით“ მიწვდილი ინფორმაცია ამშვიდებს, სხვა შეიძლება ისე ააღელვოს, რომ ქირურგიული პათოლოგია მეორეხარისხოვანი გახდეს მისთვის, სტრესმა დათრგუნოს, უფრო დააავადოს…
ამ ჭრილში თუ განვიხილავთ, ქირურგს ძალიან წაადგება მსახიობური ნიჭი… სცენა, საოპერაციოა, პალატებია… მაყურებელი/მსმენელი/ავადმყოფები…
ასე რომ, ქირურგიამ გამიტაცა უკვე მას შემდეგ, რაც რამდენიმე თვე აქტიურად ჩავერთე მასში… ხომ გაგიგონიათ, მადა  ჭამაში მოდისო…ჩემს შემთხვევაში, პროფესიის არჩევანი მოვიდა უკვე დაწყებული მუშაობის მერე.
მუშაობთ თელავსა და გურჯაანში…  როგორ გეხმარებათ სიმღერა თქვენს პროფესიაში?
– სიმღერა არის ის, ურომლისოდაც მე ჩემი ცხოვრება ვერ წარმომიდგენია…საკმაოდ დატვირთული სამუშაო გრაფიკი მაქვს…. თვეში 12-13 მორიგეობა…როდის ვმღერი? ხშირად, როგორც კი ვახერხებ მაშინ… თამარ გვერდწითელის ერთ-ერთ  ცნობილ  სიმღერას გავიხსენებ:  „ზოგჯერ სულ არ გვემღერება, მაგრამ მაინც ვმღერით”… ასეა ჩემს შემთხვევაშიც… სიმღერა განტვირთვაცაა, ემოციების გაცემაცაა, შინაგანი სულიერი მდგომარეობის, განწყობის ფორმირებაცაა…მერე ეს თუ სხვასაც მოსწონს, შენს ნამღერს აღიქვამს ისე, როგორც ჩაიფიქრე, კიდევ უფრო სასიხარულოა…
ყველაზე ხშირად, რა თქმა უნდა,  ვმღერი სახლში, ასევე –  ავტომობილში, ხანდახან მორიგეობაზეც…
– პატრიარქთან შეხვედრაზეც გვიამბეთ. თქვენს ოჯახში მისი საჩუქრები ინახება…
– 2002 წლის ნოემბერში, სიღნაღის რაიონიდან წარდგენილი ვიყავი პრეზიდენტის სტიპენდიაზე, როგორც ქართული-ხალხური ჯგუფის სოლისტი… მჭირდებოდა რეკომენდაციები, მამიდაჩემ თინათინის ძალისხმევითა და უფლის ნებით, 12 წლის ბიჭი, წითელი ჩოხით, პატრიარქთან აღმოვჩნდი, ნოემბრის სუსხიანი საღამო იყო… უწმინდესმა ძალიან გულთბილად მიმიღო… იმ საღამოს რამდენიმე სიმღერა ვუმღერე უწმინდესს, მერე დარბაზში გამიყვანა და სიმღერა  „ლალე“ 7-ჯერ მამღერა ზედიზედ.
უწმინდესმა თავის ხელით დაწერილი წმინდა გიორგის ხატი  და „ვეფხისტყაოსანი“  წარწერით მაჩუქა: „ღმერთმა დალოცოს  ბ-ნი ნოდარ გოგინაშვილი და მისი ოჯახი“.
– თქვენს სიმღერებს ფეისბუქზე მუდამ დადებითი მუხტი ახლავს თან…  საყვარელი სიმღერა და კომპოზიტორი?
– ძალიან ძნელია ჩემთვის, გამოვყო ერთი საყვარელი სიმღერა და კომპოზიტორი… ბევრია, ერთიც და მეორეც… ძალიან მიყვარს ჯანსუღ კახიძე და მისი სიმღერები, ახლოსაა ჩემთან, ჩემს სულიერ მდგომარეობასთან მისი სიმღერები… ასევეა ალექსანდრე ბასილაია, რევაზ ლაღიძე, ჯემალ სეფიაშვილი, გოგი ცაბაძე, მაცაცო სებისკვერაძე, ვაჟა დურგლიშვილი…
სიმღერები: „მოვა მაისი”, „საქართველოს მანანებო”, „ლექსო ამოგთქვამ, ოხერო” …

იხილეთ სიმღერა: https://www.facebook.com/giorgi.goginashvili.161/videos/1212996908809231/

– როგორ გეხმიანებიან მსმენელები, თუნდაც პაციენტები?
– ყოველდღე ვგრძნობ დიდ სიყვარულს, მადლიერებას და დადებით ემოციებს პაციენტებისგანაც და მსმენელისგანაც… რომ არა ასე, ვერც გავუზიარებდი მათ ჩემს სიმღერას…იცით, როგორაა, დღევანდელ სამყაროში განსაკუთრებით ადამიანებს გვაკლია  გულწრფელი, ნამდვილი, მართალი ემოცია…თუ ეს საიდანმე მოდის, გვიხარია…მე როცა ვმღერი, ძალიან ხშირად გულწრფელი ვარ…ვერ მოატყუებ ადამიანებს.
– ამბობენ, მუსიკა კურნავსო… როგორც ექიმი, რას იტყოდით?
– მე გეტყვით პირად მაგალითზე, რომ სიმღერის მოსმენა აუცილებლად დადებითად მცვლის, მკურნავს, ბევრ რამეს სხვანაირად მაფიქრებინებს…ვგულისხმობ სიმღერების მოსმენას, განწყობის მიხედვით… იმასაც დავძენ, რომ ხელოვნების მხოლოდ ეს მიმართულება მოქმედებს ჩემზე ამგვარად…
– ხომ არ აპირებთ  კიდევ  განაგრძოთ ვოკალში მუშაობა?
– ვოკალში მუშაობას დიდი სიამოვნებით განვაგრძობდი… უფრო სწორად, დავიწყებდი… რეალურად მე არც კი მყოლია ვოკალის პედაგოგი… ვმღერი,  როგორც მემღერება…
– ჰობი…
–  რაზეც ამდენი ვისაუბრე, ჰობიც ისაა – სიმღერა… ასევე ჩემთვის ძვირფასი პიროვნებების ბიოგრაფიების, ცხოვრების წესის დეტალურად გაცნობა და შესწავლა…
– სამომავლოდ?
– ყოველდღიურად იმდენად ცვალებადია სამყარო, შორეული გეგმების დასახვა მიჭირს… ვნახოთ… ძალიან ბევრია სასწავლი ქირურგიაში, მედიცინაში… თუ ექიმი არ ცდილობს, რომ ესა თუ ის ოპერაცია, მანიპულაცია, მომავალ დღეს წინაზე უკეთ შეასრულოს, უკუსვლას დაიწყებს… ასევეა სიმღერაც, ასევეა ადამიანებთან ურთიერთობის ხელოვნებაც. ჯანსაღი კრიტიკა, თვითკრიტიკა უნდა იყოს თანამდევი ჩვენი ყოველდღიურობის და მომავალში ყველაფერი კარგად იქნება…


თამარ შაიშმელაშვილი

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები