გია ვოლსკი: გაერთიანებულ ოპოზიციას ასუსტებს ის, რომ ხელისუფლებასთან პოლიტიკური ბრძოლა სახელმწიფოსთან ბრძოლად გადააქციეს
“ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში გაერთიანებულ ოპოზიციას ასუსტებს ის, რომ ხელისუფლებასთან პოლიტიკური ბრძოლა სახელმწიფოსთან ბრძოლად გადააქციეს”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცესპიკერი, გია ვოლსკი “ახალი საქართველოს” ლიდერის, გიორგი ვაშაძისა და პარტია “კანონი და სამართალის” დამფუძნებლის, თაკო ჩარკვიანის მიერ “ძალა ერთობაშიას” დატოვებას.
ვოლსკის თქმით, კონკრეტული პირების გასვლა საერთო შემადგენლობიდან ან ერთმანეთის მიმართ პრეტენზიების გამოთქმა ჩვეულებრივი ამბავია და ამის თაობაზე განსხვავებული შეფასება არ გააჩნია.
“გაერთიანებულ ოპოზიციას ახასიათებს ორი მთავარი ნიშანი. ერთი, რომ ამოცანა აქვთ, როგორმე რევანშის მეშვეობით ხელისუფლებაში მოვიდნენ და მეორე – აბსოლუტურად განსხვავებული შეხედულება აქვთ იმაზე, თუ ვის რა დოზით ეკუთვნის ამ ხელისუფლებაში მართვის სადავეები. ამასთან დაკავშირებით კონკრეტული პიროვნებების გასვლა საერთო შემადგენლობიდან ან ერთმანეთის მიმართ გარკვეული პრეტენზიების გამოთქმა ჩვეულებრივი ამბავია და ამასთან დაკავშირებით კონკრეტული შეფასება არ გამაჩნია.
ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში გაერთიანებულ ოპოზიციას ასუსტებს ის, რომ ხელისუფლებასთან პოლიტიკური ბრძოლა გადააქციეს სახელმწიფოსთან ბრძოლად. რა მეთოდით ებრძვიან სახელმწიფოს, ამაზე საერთო აზრი აქვთ, განსხვავებული აზრი აქვთ იმასთან დაკავშირებით, როგორც გითხარით, თუ ვის რამდენი უნდა ჰქონდეს ხელისუფლების სადავე რევანშის პირობებში. ეს არის ორი მთავარი დამახასიათებელი გაერთიანებული ოპოზიციის და ახლა თაკო გავა საერთო ფერხულიდან თუ სხვა, ამას არ აქვს მნიშვნელობა”, – განაცხადა ვოლსკიმ.