ჯანმო-მ და ევროკავშირმა საქართველოს COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართულ პერსონალს დამცავი საშუალებები გადასცა

საქართველომ COVID-19 პანდემიასთან ეფექტურად და უსაფრთხოდ ბრძოლის ხელშეწყობისათვის დიდი ოდენობით სამედიცინო დამცავი საშუალებები მიიღო.

ევროკავშირის დაფინანსებითა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ძალისხმევით 1.5 მილიონამდე ერთეული პირადი დამცავი საშუალების შეძენა გახდა შესაძლებელი. აღნიშნული მოიცავს 5 ათასს სახის საფარს; 13 200 დამცავ სათვალეს; 30 000 საიზოლაციო ხალათს; 1 მილიონ სამედიცინო ნიღაბს და 328 ათასს რესპირატორს.

ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტვირთი, რომელიც ქვეყანამ დონორების მხარდაჭერით მიიღო, განკუთვნილია იმ ადამიანების დასაცავად, რომლებიც COVID-19 პანდემიის წინააღმდეგ უშუალოდ, წინა ხაზზე იბრძვიან.

აღინიშნება, რომ დახმარება საქართველოს ჯანდაცვის სისტემას საშუალებას მისცემს უფრო კარგად მოემზადოს გამოწვევების საპასუხოდ.

პირადი დამცავი საშუალებები ჯანდაცვის მუშაკების უსაფრთხოების ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს. ისინი ქვეყნის მასშტაბით გადანაწილდება ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრზე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის 9 რეგიონულ ლაბორატორიაზე, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 4 200 სასწრაფო დახმარების ეკიპაჟის წევრებსა და სოფლის ექიმებზე.

ჩამოსული დახმარება ​ჯანდაცვის სამინისტროს ევროკავშირის დელეგაციის თანამშრომლობის მიმართულების უფროსმა​ ვინსენ რეიმ და საქართველოში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა ​სილვიუ დომენტემ ოფიციალურად გადასცეს.

„ევროკავშირი COVID-19 კრიზისის დროს, საქართველოს მხარდაჭერას განაგრძობს. ამ სამედიცინო საშუალებების მოცულობა ერთ-ერთი ყველაზე დიდია და ქვეყანას სამედიცინო შესაძლებლობების გაძლიერებასა და წინა ხაზზე მომუშავე ჯანდაცვის მუშაკების დაცვაში დაეხმარება, როგორც ახლა, ასევე მომავალში. ეს დახმარება ნაწილია იმ დიდი მხარდაჭერისა, რომელსაც ევროკავშირი საქართველოს მოწყვლადი ჯგუფების დასახმარებლად და ეკონომიკის გასაუმჯობესებლად უწევს და ასახავს ჩვენს მყარ პარტნიორობას,“ – აღნიშნა ვინსენ რეიმ.

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით კი, „პანდემიასთან ბრძოლაში, როგორც ევროკავშირის ასევე „ჯანმო“-ს მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია. აღნიშნული 15 ტონა ტვირთი ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრიბუციაა, რაც საქართველომ ამ რთულ პერიოდში მიიღო. აღნიშნული დახმარება სტრატეგიული მნიშვნელობისაა და სწორედ იმ ექიმებისა და სამედიცინო პერსონალის ჯანმთელობის დასაცავად არის განკუთვნილი, ვისაც უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვს კორონავირუსთან ბრძოლაში და ვისი დახმარებითა და დაუღალავი შრომითაც საქართველო დღეს იქ დგას, სადაც დგას და არის ვირუსთან ბრძოლის ერთ-ერთი წარმატებული მაგალითი. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი, ასეთი მარტივად მისაღწევი არ იქნებოდა რომ არა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების დახმარება“.

როგორც სილვიუ დომენტემ თქვა, „ჯანდაცვის მუშაკები COVID-19 პანდემიასთან ბრძოლისას წინა ხაზზე მოქმედებენ, რაც მათ ინფიცირების გაცილებით მაღალი რისკის წინაშე აყენებს. ისინი ჩვენი გმირები არიან, მაგრამ მათი შესაძლებლობები ადამიანურს არ აღემატება. ევროკავშირის გულუხვი დახმარებით მიღებული დამცავი საშუალებები უფრო შეამცირებს ყოველდღიურ რისკებს და დაიცავს როგორც ჯანდაცვის მუშაკებს, ასევე მათ პაციენტებს”.

ამავე მხარდაჭერის ფარგლებში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია დამატებით აქტივობებსაც განახორციელებს, რომელიც მოიცავს ჯანდაცვის მუშაკებისა და წინა ხაზზე მოქმედი პროფესიონალების ტრენინგს, ასევე ჯანდაცვის სექტორის მზაობის და უკეთესი რეაგირების შესაძლებლობების ზრდას.

ეს დახმარება ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი €400 მილიონი ევროს (დაახლ. 1.5 მილიარდი ლარი) ნაწილია, რომელიც მოწყვლადი ჯგუფების დაცვასა და ეკონომიკურ გაუმჯობესებას ითვალისწინებს.

მთელი მსოფლიოს მასშტაბით ევროკავშირმა €15 მილიარდ ევროზე მეტი გაიღო COVID-19 პანდემიასთან საბრძოლველად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები