გიორგი გახარია ამერიკელ პარტნიორებს საქართველოში რეგიონული მნიშვნელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკის გახსნაში შეტანილი წვლილისთვის მადლობას უხდის

აქ ყველაზე მთავარია ის წვლილი, რომელსაც USAID-ი და აშშ-ის მთავრობა ქართული დემოკრატიის კონსოლიდირების მიმართულებით აკეთებენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, „კენ ვოლკერის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკის” გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა საერთაშორისო პარტნიორებს, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„რა თქმა უნდა, ეს შეუძლებელი იქნებოდა, ასეთი შესანიშნავი, სისტემური თანამშრომლობის გარეშე, სადაც იყო კომპეტენცია ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ემორის უნივერსიტეტიდან, სადაც იყო ქართული ბიზნესის, თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის მხარდაჭერა. ამ ყველაფერმა ერთად მოგვცა ის შედეგი, რომელიც გვაქვს. შედეგი არის ის, რომ ეს სარეაბილიტაციო ცენტრი და დღეს მე აქ ძალიან კარგად ამიხსნეს, სრულად იქნება ორიენტირებული ფუნქციურ დამოუკიდებლობაზე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების და ამაზე დიდი მიზანი, რომ ჩვენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ჩვენი ყოველდღიური, ნორმალური ცხოვრების ღირსეულ პარტნიორებად გავხადოთ, არ არსებობს. ეს არის, როგორც სახელმწიფოს, ისე ჩვენი თითოეული მოქალაქის მიზანი და რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს სამედიცინო სარეაბილიტაციო ცენტრი იყოს წარმატებული და გარდა იმისა, რომ მოემსახურება ჩვენს მოქალაქეებს, პატარებს, ჩვენს შვილებს, ჩვენს ზრდასრულ თანამოქალაქეებს, რა თქმა უნდა, ამას ექნება სერიოზული რეგიონალური და საერთაშორისო მნიშვნელობა”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა USAID-ის წვლილი ამ პროექტის დასრულებაში.

„მოგეხსენებათ, აშშ-ი, USAID-ის საშუალებით, ბევრს გვეხმარება ბოლო ათწლეულების განმავლობაში, საერთო ჯამური შეფასება ამ დახმარების არის 1.5 მლრდ-ზე მეტი, თუმცა ეს არ განისაზღვრება ფინანსების რაოდენობით, აქ ყველაზე მთავარია ის წვლილი, რომელსაც USAID-ი და აშშ-ის მთავრობა ქართული დემოკრატიის კონსოლიდირების მიმართულებით აკეთებენ. ეს ყველაზე დიდი მიღწევაა. ინსტიტუტების სიძლიერე, ჩვენი განათლებისა და სამედიცინო სისტემების სიძლიერე, ეს არის ყველაფერი, რაც გზას უხსნის და ქართულ დემოკრატიას ხდის ყოველწლიურად სულ უფრო და უფრო წარმატებულს. კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ ადამიანს, რომელიც ამ პროექტის განხორციელებაში იღებდა მონაწილეობას. აქ უკვე ითქვა, რომ კენ ვოლკერი იყო სულის და იდეის ჩამდგმელი ამ პროექტისა და, რა თქმა უნდა, ჩვენ მასაც აქედან დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ და მინდა, წარმატება ვუსურვო ყველა იმ ადამიანს, რომელიც ამ შესანიშნავ სამედიცინო სარეაბილიტაციო ცენტრში განაგრძობს მუშაობას და ყოველწლიურად ჩვენს მოქალაქეებს მისცემს საშუალებას, რომ ფუნქციურად იყვნენ დამოუკიდებელი, სრულფასოვანი წევრები ჩვენი საზოგადოებისა”, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

„კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკის” შექმნის მიზანი რეგიონში პირველი საერთაშორისო გამოცდილებებზე დაფუძნებული, მაღალკვალიფიციური სარეაბილიტაციო მომსახურებისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური სასწავლო ბაზის შექმნაა.

კენ ვოლკერის კლინიკა პირველია ამიერკავკასიაში, რომელიც აღჭურვილია ამერიკული და ევროპული მაღალტექნოლოგიური სარეაბილიტაციო მოწყობილობებით და საჭიროების მქონე პირებს სთავაზობს სრულ კომპლექსურ მულტიდისციპლინურ (გუნდურ მიდგომაზე დაფუძნებული) სარეაბილიტაციო მომსახურებას.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები