13 წლის ქართველი ხატმწერი ბარიში, რომლის ყველაზე დიდი სურვილი სამშობლოში დაბრუნებაა

13 წლის ელენე ალიმბარაშვილი იტალიის ქალაქ ბარიში ცხოვრობს და ამ ხნის მანძილზე უკვე საინტერესო ბიოგრაფია შექმნა.
თბილისში დაიბადა, მაგრამ ისე მოხდა, რომ  6 წლისას დედასთან ერთად მოუწია საქართველოს დატოვება.  ჯერ გერმანიის, შემდეგ კი იტალიის გზებზე მოუხდა სიარული.
2 წლის ასაკიდან ხატავს. გერმანიაში ყოფნისას პატარა ემიგრანტს სკოლამ გამოფენაც კი მოუწყო. ამჟამად იტალიის ქალაქ ბარიში წარჩინებული, საამაყო  მოსწავლეა.
მონაწილეობა მიიღო სიმღერის კონკურსში, იტალიის მასშტაბით 12000 კონკურსანტიდან შერჩეულ 152 ბავშვს შორის მოხვდა და მეორე ტურშიც გადავიდა.
ასევე ერთადერთი ქართველი მონაწილე იყო ბარიში გამართული ბავშვთა ნახატების გამოფენისა და საუკეთესო ნამუშევრების ავტორად აღიარეს.
მალე მის მიერ დაწერილი ნოველა დაიბეჭდება იტალიელი პოეტის, ფრანკო მინერვინის წიგნში, ხოლო იტალიელ მსახიობებთან ერთად  სპექტაკლშიც ითამაშებს.
და რაც მთავარია, ამჟამად ტყიბულის აიონის სოფელ ახალსოფლის ტაძრის წინამძღვრის კურთხევით, 21 წმიდანის ხატს წერს. პირველი ხატი კი 11 წლისამ დაწერა.
ეს იქნება ბავშვის ხელით დაწერილი პირველი ხატი ტაძრისათვის. ეს უდიდესი მადლია და უფალმა შეაძლებინოს. აქტიური ცხოვრებით ცხოვრობს  დაემთან ერთად უძლებს ემიგრანტის მძიმე ტვირთს ბავშვობიდან.
ვმადლობ უფალს, რომ ფულზე და საჩუქრებზე არ გაიყიდა ამ 7 წლის მანძილზე“, – მეუბნება დედა, როზეტა კიტოვანი.

 

– დავიბადე  თბილისში. ხატვა როდის დავიწყე, არ მახსოვს, მაგრამ დედას შენახული აქვს ჩემი ნახატები და იქიდან ვიცი, რომ ხატვა 2 წლიდან დამიწყია.
– დედასთან ერთად ხართ იტალიაში….
– 6 წლისას დედასთან ერთად მომიწია საქართველოს დატოვება. მახსოვს დედიკოს ატირებული თვალები. არ მავიწყდება მამასთან დამშვიდობება. მინდოდა დედა და მამა სულ ერთად ყოფილიყვნენ, ჩუმად ვტიროდი ხოლმე, მაგრამ მე არაფერი შემეძლო.
როცა გერმანიაში სახლი მოგვცეს, სკოლაშიც იქ მიმიყვანა დედამ. ძალიან კეთილი და საყვარელი მასწავლებელი მყავდა, კეთილი მეგობრებიც. გერმანულად მალე დავიწყე საუბარი. მთელ სკოლაში მარტო მე ვიყავი ქართველი.
მახსოვს, 6 წლის რომ გავხდი, დედამ სკოლაში დიდი ტორტი მოიტანა და კლასში გადამიხადა დაბადების დღე. იქ ძალიან ხალისიანი სკოლა იყო. სულ სპორტული შეჯიბრებები, კონცერტები და გამოფენები იმართებოდა. მუზეუმებშიც დავდიოდით. სკოლის საგამოფენო დარბაზში ნახატების გამოფენა მომიწყო ჩემმა მასწავლებელმა. ბედნიერად ვცხოვრობდი დედასთან ერთად, მაგრამ 1 წლის შემდეგ გერმანიიდან იტალიაში წამომიყვანა. აქ ჩამოსვლის დღიდან მახსოვს ბევრი ბოროტი და ცოტა კეთილი ადამიანი, ცრემლიანი დღეები, მენატრებოდა ჩემი ოჯახი, გერმანიაც, მაგრამ უსაბუთოდ ვერსად მივდიოდით. ამიტომ დავრჩით იტალიაში და აქ ვცხოვრობთ დღემდე. მომწონს იტალია, რადგან აქაც მყავს კარგი მეგობრები და უსაყვარლესი მასწავლებლები.

ჯოვანა კაპრუცი; მასწავლებლის პორტრეტი

ძალიან კარგ იტალიურ ოჯახში ვცხოვრობთ, სადაც გავიზარდე. ძალიან ვუყვარვართ ყველას და ჩვენც გვიყვარს ისინი. იტალიაშიც აქტიური ცხოვრებით ვცხოვრობ დედასთან ერთად.
– ბარიში წარჩინებული მოსწავლე ხართ. სასკოლო კონკურსების გამარჯვებული…
– ჩემი უსაყვარლესი მასწავლებელი ჯოვანა კაპრუცი პირველი ადამიანია, ვინც უსაზღვროდ შემაყვარა იტალია. სამართლიანი მასწავლებელია, მოსიყვარულეც. მე მისი პორტრეტი დავხატე და სამახსოვროდ ვაჩუქე დაბადების დღეზე. მან სიხარულისგან იტირა და მითხრა, რომ უძვირფასესი საჩუქარი გავუკეთე.
მოსწავლეთა კონკურსებში ვმონაწილეობ და სულ გამარჯვებული ვარ. მაქვს ბევრი დიპლომი საჩუქრებით.
ყველაზე საინტერესო კონკურსი იყო ის, როცა მოსწავლეებს უნდა დაგვეწერა ან დაგვეხატა დაავადებებზე რამე. მე მოვიფიქრე, დავწერე და დავხატე ფილტვების დაავადებაზე, რამაც გამარჯვება მომიტანა. ეს იყო ორი ხის ფორმა ფესვებიანად, ერთი ჯანმრთელი და ერთიც დაავადებული.
– ემიგრანტობის დროს თქვენი გამოფენაც გაიმართა. ერთ-ერთი გამოფენის დროს, სადაც ქართველი მხოლოდ თქვენ მონაწილეობდით, საუკეთესო ავტორად გაღიარეს…
–  მე და დედა რუსული ტაძრის მრევლი ვართ უკვე 6 წელია. ვსწავლობდი ტაძარში არსებულ რუსულ სკოლაში „RADUGA“, სადაც ღონისძიებები, სპექტაკლები და კონკურსები ტარდებოდა. მეც ყოველთვის მათთან ერთად ვმონაწილეობდი.

ხატმწერ მატუშკა მარინა ნიკალაევნასთან ერთად

უსაყვარლესი პედაგოგები მყავდა იქ, ელენა და ალექსანდრა. მათთან მისვლა  მიხაროდა. მათ შვილებთან ვმეგობრობ. იქ გავიცანი ხატმწერი მატუშკა მარინა ნიკალაევნა. თავისი სამხატვრო სკოლა აქვს, სადაც 2 წელია ხატვას ვსწავლობ. 11 წლის ასაკში, სწორედ მისი დახმარებით, დავწერე პირველი ხატი – წმინდა ელენე, შემდეგ – წმინდა ნიკოლოზი. მაქვს სხვა ნახატებიც.
შარშან ჩატარდა მოსწავლეთა ნახატების გამოფენა, სადაც 750-მდე ნახატი გამოფინეს იტალიელმა და რუსმა მონაწილეებმა. მხოლოდ მე ვიყავი ქართველი და ჩემმა ხატებმა გაიმარჯვა. უბედნიერესი ვიყავი, როცა საქართველო გამოაცხადეს. ქართულმა დროშამ საპატიო ადგილი დაიკავა.
– აქტიური ცხოვრებით ცხოვრობთ. იტალიელ მსახიობებთან ერთად  მალე  სპექტაკლშიც გიხილავთ.  როგორ ემზადებით ამ დღისთვის?

ფრანკო მინერვინთან ერთად

– მე, დედასთან ერთად 5 წელია უკვე, ვმონაწილეობ პროექტში „LE MAMME DEL MONDO“, სადაც დედაჩემის მიერ შექმნილმა თამარ მეფის კაბამ დიდი წარმატება მოგვიტანა. იქ ჟიურის წევრი იყო იტალიელი დრამატურგი, პოეტი და მსახიობი ფრანკო მინერვინი, რომელმაც დაჯილდოების შემდეგ ფოტოს გადაღება გვთხოვა.
შემდეგ ყოველ კონკურსსა თუ პროექტში გვიწვევდა და ასე დავუახლოვდით მის ოჯახს. მის მიერ დადგმული სპექტაკლების სანახავადაც ხშირად გვეპატიჟებოდა, იქ გავიცანი მისი მსახიობი მეუღლეც – ელენა კასელლა.

დედასთან ერთად თამარ მეფის სამოსში

უსაყვარლესი ადამიანები არიან, რომლებსაც ძალიან ვუყვარვარ. მათ ახალ სპექტაკლში, რომელიც 90-იანი წლების ცხოვრებას ასახავს, სჭირდებოდათ ახალგაზრდა ცოლის როლის შემსრულებელი. დედას დაურეკეს და სთხოვეს, ელენე გვინდა ჩავსვათ ამ როლშიო და სინჯებზე ასე წავედი. დამამტკიცეს როლზე იტალიელ მსახიობებთან ერთად. 18 აპრილს უნდა ყოფილიყო სპექტაკლის პრემიერა, მაგრამ პანდემიის გამო გადაიდო.

სიმღერის კონკურსში იტალიის მასშტაბით 12000 კონკურსანტიდან შეირჩა 152 ბავშვი, მათ შორის მოხვდით  და მეორე ტურში  გადახვედით…

ელენე ბენდის წევრებთან ერთად

– ვოკალურ ანსამბლში ვმღეროდი 7 წლიდან, ცნობილი მუსიკოსების ცოცხალ ბენდთან ერთად, სადაც პირველ კონცერტზე შევასრულე ROAR (Katy Perry). ასევე მონაწილეობა მივიღე TMF (Tour Music Fest). დედას არ სჯეროდა, რომ 12000 კონკურსანტში საერთოდ თუ გადავიდოდი პირველ და მეორე ტურში, მაგრამ 152 ბავშვს შორის მეც მოვხვდი. ვიმღერე Irama-ს სიმღერა „Nera“ და ჩემი უსაყვარლესი მომღერლების, Benji & Fede-ს  Dove e Quando.

ზაირა ნარიმანიძესთან და ირმა ბაზერაშვილთან ერთად

შემდეგ კონკურსანტებთან ერთად, დედამ ვერ გამიშვა რომში მასტერკლასზე, სადაც საკონცერტო სიმღერაზე უნდა მემუშავა პროდიუსერთან ერთად. ძალიან დამწყდა გული, თუმცა ეს დიდი გამოცდილება იყო ჩემთვის. გავიცანი საინტერესო მუსიკოსები და დავმეგობრდი კონკურსანტებთანაც.
– ქალბატონ ზაირა ნარიმანიძის წყალობით უკრავთ ფანდურზესასკოლო კონკურსების გამარჯვებული ხართ... ფლობთ ცხრა უცხო ენას, თუმცა ქართულ ენას და ტრადიციებს ემიგრაციაში არ ივიწყებთ…
–  ჩემმა საყვარელმა ადამიანმა, ზაირა ნარიმანიძემ პირველივე გაკვეთილზე შემასწავლა „სულიკო“ და შემაყვარა ფანდური. 5-6 გაკვეთილის შემდეგ სმენით მეც ვაწყობ სიმღერებს და ძალიან მიხარია.
სკოლაში დამატებით ვსწავლობ მხოლოდ ფრანგულ და ინგლისურ ენებს, რუსულს (რაც არ მიყვარს, მაგრამ მაინც), გერმანულს, ესპანურს. დამოუკიდებლად ვსწავლობ კორეულ, იაპონურ და ტაილანდურ ენებს. იტალიური ენა მშობლიურ ენაზე კარგად ვიცი. დედა სულ მეუბნება, პირველ ადგილზე ქართული ენაა და მერე სხვაო.

ქეთევან დვალთან ერთად

სწორედ დედაჩემის, როზეტა კიტოვანის დამსახურებაა, რომ ქართული კულტურა და ტრადიციები არ დავივიწყო. ამიტომ ქართულ ენასა და ლიტერატურაში მამეცადინებს ჩვენი უსაყვარლესი ადამიანი, ფილოლოგი, ქალბატონი ქეთევან დვალი, რომელიც საკუთარი შვილიშვილივით მეფერება, მასწავლის და უნდა, რომ დიდი ქართველი გავიზარდო ყველას საამაყოდ.
11 წლისამ დაიწყეთ ხატების წერა…
– პირველად 6 წლის ასაკში დავხატე ჯვარცმა. გერმანიაში ყოფნისას დედამ მაყურებინა ფილმი „იესო ნაზარეველი“ და ღამე ვერ ვიძინებდი უფლის წამების გამო. ვტიროდი. მას შემდეგ ბევრჯერ ვუყურე ამ ფილმს, ხოლო როცა წამების სცენა იწყება, აღარ ვაგრძელებ ფილმის ყურებას. ჩემი ნათლიაა მამა ლუკა სუპატაშვილი, რომელიც ძალიან მიყვარს, მასთან როცა დავდიოდი ეკლესიაში, სულ მინდოდა ხატებზე ხელის მოკიდება, მაგრამ ვერ ვწვდებოდი. დედა ხელში ამიყვანდა და ისე ვეფერებოდი ხატებს.

მამა ლუკასთან ერთად

ახლა უკვე ავისრულე ოცნება და დიდი სიყვარულით ვწერ ხატებს, რაც ძალიან მაწყნარებს. მომწონს პატარა დეტალების სწორად და სუფთად დაწერა.
ახლა ვწერ 21 წმინდანს, რომელზეც შარშან კურთხევა მომცა ჩვენთან სტუმრად ჩამოსულმა კეთილმა ბერმა, დავით რიჟამაძემ, ერთად დავესწარით შვიდგზის ზეთისცხებას რუსულ ეკლესიაში და იქ მკითხა, თუ შევძლებდი და დავწერდი იმ ხატს ტაძრისთვის, რომელიც მას ძალიან მოეწონა. მეც სიხარულით დავეთანხმე და, როცა ამ ხატს დავასრულებ, ტყიბულის რაიონის სოფელ ახალსოფლის ეკლესიას უნდა შევწირო. რამდენიმე თვე კიდევ დამჭირდება დასასრულებლად.
მალე თქვენი  ნოველა დაიბეჭდება იტალიელი პოეტის, ფრანკო მინერვინის წიგნში. როგორ დაიწერა  ეს ნოველა?

ქალაქის მერის მოადგილე ფრანჩესკა ბოტალიკო

– პოეტ ფრანკო მინერვინს უნდოდა,  ჩემი ცხოვრებიდან რამე დამეწერა, რომ მის წიგნში შეიტანოს. ამიტომ მე დავწერე „ჩემი სიყვარული მუსიკისადმი“, ასევე იტალიურად გადავთარგმნე დედიკოს მიერ დაწერილი ნოველა „უფლის წყალობა“, რომელიც აღწერს ემიგრაციის ცხოვრების ცრემლიან, მძიმე დღეებს. ნოველა ფრანკო მინერვინის წიგნში შევა და სექტემბერში დაიბეჭდება.
– ერთხელ იყავით საქართველოში. როგორ განცდა გქონდათ მაშინ?
– 6 წლის და 6 თვის შემდეგ, შარშან პირველად ვიყავი საქართველოში. უბედნიერესი 1 თვე მაჩუქეს იქ, რაც არასოდეს დამავიწყდება. სამუდამოდ მინდა დაბრუნება ჩემს ოჯახში, მაგრამ ჯერ არაფერი იცვლება. როცა მრწამსს ვკითხულობ, სულ ვთხოვ ღმერთს, რომ მალე დაგვაბრუნოს საქართველოში მე და დედა.

სახალხო ფესტივალი იტალიაში

ძალიან მენატრება  ჩემი სოფელი, სადაც პაპას ვეხმარებოდი ჭანჭურის აკრეფაში, წყაროდან წყლის ამოტანაში…
მინდოდა საქართველოს დათვალიერება, მაგრამ ყველაფერი ვერ მოვასწარით. მე უფრო ვიდეოებით, ფოტოებით და დედისგან გადმოცემით ვიცნობ საქართველოს, მიყვარს და მინდა მალე დავბრუნდე.
– ჰობი…
– ახლა სკეიდბორდით ვარ გატაცებული. გიტარითაც ვარ დაინტერესებული და ვცდილობ, კარგად ვისწავლო.
– მშობლები. ოჯახი, და-ძმები…
– დედა, როზეტა კიტოვანი ტანსაცმლის დიზაინერია, რომელიც ყველანაირ სამოსს ქმნის, თოჯინებზეც მუშაობს, ხატებსაც ქარგავს, დეკორატიულ ბოთლებსაც აკეთებს, გაზეთებისგან ქართულ ნივთებს ქმნის, ლექსებს წერს და ყველას დიდი სიყვარულით ასაჩუქრებს.

ოჯახი

მამა, ნუკრი ალიმბარაშვილი იურისტია. წოდებით მაიორი. ომის ინვალიდი, გორგასლის ორდენოსანი. ძალიან მკაცრი და ტრადიციების მატარებელია. არც ისე ადვილია მისი შვილის სახელის ტარება.
მყავს ერთი ძმა, ალექსანდრე და ორი დაიკო, ანა და მარიამი, რომლებიც ძალიან ლამაზები, კეთილები და ყურადღებიანები არიან. სამივე ძალიან მიყვარს და მინდა სულ მათთან ვიყო. მე ვიცი, რომ მათთან ერთად ძალიან ბედნიერი ვიქნები.
– სამომავლო გეგმები…
– 18 წლის რომ გავხდები, მინდა დედამიწა მოვიარო. მაინტერესებს ყველა ქვეყნის ისტორია, კულტურა. განსაკუთრებით მიზიდავს აზიის ქვეყნები.  მომწონს სამხრეთ კორეა, იმათი ტრადიციული სახლები და მინდა მეც მქონდეს კორეული სტილის პატარა სახლი კორეაში. თუმცა ჩემი ყველაზე დიდი სურვილი მაინც ჩემს სამშობლოში დაბრუნებაა.

ელენე ბებიასთან ერთად

იქ ჩემი ტკბილი ნანული ბებია მელოდება, რომელიც ძალიან მზრუნველი და უსაყვარლესია. მლოცავს და ოცნებობს, რომ საქართველოში მალე დავბრუნდე. საჩუქრად ,,ვეფხისტყაოსანი” მიყიდა და გამომატანა.

დაბოლოს, ინტერიიუ უკვე გამოსაქვეყნებლად მზად იყო, როდესაც დაგვიკავშირდა ელენეს დედა, ქალბატონი როზეტა კიტოვანი და ვიდეო გამოგვიგზავნა, რომელზეც ასახულია ის სიურპრიზი, რაც ელენემ დედას დაბადების დღეზე მოუწყო:

ეს სიურპრიზი ელენიკომ მომიწყო და 24 ივლისს, ჩემს იუბილეზე 6 წლის უნახავი ჩემი მესამე შვილი ისე ჩამოიყვანა, ვერც კი მივუხვდი, საჩუქარს რას მახვედრებდა. 1 თვე მიმეორებდა, რომ შენს დაბადების დღეზე ზღვის სანაპიროზე მინდა მოგილოცო იუბილე და ხომ წამოხვალო. ბოლო წუთამდე მეგონა, რომ ბუშტებით, სიმღერით და რაღაც ბავშვური ჩანაფიქრით გამახარებდა, მაგრამ საოცრება დამახვედრა წმ. ნიკოლოზის ტაძრის კარიბჭესთან. . 10 წლის ბავშვმა, აი, ასე გამაბედნიერა მის დაიკოსთან და მამიკოსთან ერთად. ეს ის ვიდეოკადრია“.

 

 

ელენე ალიმბარაშვილის ფოტოები და მისი ნამუშევრები:                                                                                                          

ხატის წერის პროცესში
წმინდა ელენეს ხატი

თამარ მეფის სამოსში
დედის მიერ შექმნილ სამოსში

 

                                                                                                                       თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები