აზერბაიჯანში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს

აზერბაიჯანში საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ბოლო დღეებში აზერბაიჯან-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის „წითელი ხიდის“ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან შეიქმნა არაორდინალური ვითარება.

კერძოდ, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მყოფი  საქართველოს მოქალაქეები მოქმედი რეგულაციების გვერდის ავლით და აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსთან კოორდინაციის გარეშე შეუთანხმებლად და არაორგანიზებულად ცდილობენ სამშობლოში დაბრუნებას.

საელჩოში აცხადებენ, რომ ამ მცდელობებმა გამოიწვია ურთულესი პრობლემები როგორც ლოგისტიკური თვალსაზრისით, ასევე, ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების კუთხითაც.

დიპლომატიური მისია მიმართავს საქართველოს – “მოგიწოდებთ, რომ, სამშობლოში დაბრუნების სურვილის შემთხვევაში, წინასწარ დარეგისტრირდეთ საქართველოს საელჩოში, ასევე, მკაცრად დაიცვათ აზერბაიჯანში მოქმედი საკარანტინე რეგულაციები”.

აღინიშნება, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე დროებით მყოფი, საქართველოს მოქალაქეთა სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნება მოხდება მხოლოდ წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე.

“ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე დროებით მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, რომ, სამშობლოში ორგანიზებულად და უსაფრთხოდ ეტაპობრივი დაბრუნების პროცესის გაგრძელების მიზნით, გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია საქართველოს საელჩოში”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები