ნიკოლოზ მჭედლიშვილი: მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, “ფრონტერას” არ შეუწყვიტოს ხელშეკრულება და ამით ამერიკას აჩვენა, რომ მისთვის ძვირფასია ამერიკულ კომპანიებთან ურთიერთობა
„საქართველომ ამ გადაწყვეტილებით ამერიკას აჩვენა, რომ მისთვის ძვირფასია ამერიკულ კომპანიებთან ურთიერთობა და ყველანაირად ცდილობს, ამერიკულ ბიზნესს ხელი შეუწყოს”, – ასეთი კომენტარი გააკეთა ეკონომიკის ექსპერტმა, ნიკოლოზ მჭედლიშვილმა საკუთარ ,,ფეისბუქგვერდზე” მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილების შესახებ, რომლის თანახმადაც 27 ივლისს აღარ შეწყდება კონტრაქტი „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენთან“.
ამ გადაწყვეტილებით, კომპანიას მიეცემა შესაძლებლობა, საქმიანობა განაგრძოს საწყისი საკონტრაქტო ტერიტორიის იმ ნაწილში, სადაც ნავთობის მოპოვება ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან მიმდინარეობდა.
“მთავრობამ დღეს მიიღო გადაწყვეტილება, ამერიკულ ნავთობის კომპანია “ფრონტერას” არ შეუწყვიტოს ხელშეკრულება და ნება დართოს, გააგრძელოს მან მოპოვებითი სამუშაოები ტერიტორიის იმ ერთ პროცენტზე, სადაც ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდან ნავთობის მოპოვება მიმდინარეობს.
საერთაშირისო არბიტრაჟის გადაწყვეტილების თანახმად, “ფრონტერამ” სახელმწიფოს დაუბრუნა ტერიტორიის ის 99 პროცენტი, სადაც მას ძებნა-ძიება უნდა ეწარმოებინა, მაგრამ არც არაფერი გაუკეთებია.
საქართველომ ამ გადაწყვეტილებით ამერიკას აჩვენა, რომ მისთვის ძვირფასია ამერიკულ კომპანიებთან ურთიერთობა და ყველანაირად ცდილობს, ამერიკულ ბიზნესს ხელი შეიწყოს.
მთავრობის გადაწყვეტილებით, “ფრონტერას” მოესპობა შესაძლებლობა, ამერიკელ კანონმდებლებს ლობისტების დახმარებით დროდადრო აწოდოს არასწორი ინფორმაცია და დისკრედიტაცია მოახდინოს საქართველოში არსებული პოლიტიკური და ბიზნესგარემოსი”, – წერს ნიკოლოზ მჭედლიშვილი.