საქართველოში მებრძოლი ჯიშის ძაღლების შემოყვანის, გამრავლებისა და გასხვისების აკრძალვა იგეგმება – როგორ უნდა მოიქცეს პატრონი, როცა ცხოველი აგრესიას ავლენს

საქართველოში მებრძოლი ჯიშის ძაღლების შემოყვანის, გამრავლებისა და გასხვისების აკრძალვა იგეგმება. ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მთავარმა იურისტმა, კახაბერ იოსელიანმა ისაუბრა.

მისი თქმით, აღნიშნულ ცვლილებას შინაურ ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ კანონის პროექტი ითვალისწინებს, რომელსაც პარლამენტი განიხილავს.

რა წესები უნდა გაითვალისწინონ მოქალაქეებმა მებრძოლი ჯიშის ძაღლების ყოლისას? – ამ საკითხთან დაკავშირებით განმარტებები იოსელიანმა გააკეთა. საკითხი ბოლო დღეებში განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც პიტბულის მიერ თბილისში ქალის დაგლეჯის შესახებ გახდა ცნობილი.

„დღეს მოქმედ რეგულაციებს რაც შეეხება, ასეთი მდგომარეობაა – ცალკე საკანონმდებლო აქტი ამასთან დაკავშირებით არ არსებობს, მხოლოდ მუნუციპალიტეტებს აქვთ წესები, მიღებული დადგენილებები. დედაქალაქშიც გვაქვს მსგავსი წესი. აღნიშნული წესის თანახმად, სხვა საკითხებთან ერთად, პატრონის ვალდებულებებია გათვალისწინებული, რაც უსაფრთხოების ნორმების დაცვის ვალდებულებასაც მოიცავს. პირველ ყოვლისა რაცაა დასაცავი, ესაა ცხოველის გადაადგილების, გასეირნების წესები. ცხოველი, თუ დეკორატიული ჯიშის ძაღლი არაა, აუცილებლად გრძელი საბმელით უნდა გადაადგილდებოდეს. ამ შემთხვევაში ალიკაპი უნდა ეკეთოს, მოკლე საბმელის შემთხვევაში ალიკაპის გარეშე გადაადგილება შესაძლებელია. ტრანსპორტირების შემთხვევაში, ცხოველს აუცილებლად მოკლე საბმელი და ალიკაპი უნდა ეკეთოს.

მებრძოლი ჯიშის ძაღლების შემთხვევაში, პატრონს განსაკუთრებული ყურადღება მართებს. უსაფრთხოების ნორმები რით იწყება: პირველ ყოვლისა, აუცილებლად რეგისტრირებული უნდა ჰყავდეს ცხოველი. ვეტერინარული პროცედურები ჩატარებული უნდა ჰქონდეს: 2 თვის შემდეგ საჭიროა კომპლექსური აცრები, 3 თვეს რომ მიაღწევს ძაღლი, აუცილებელია ანტირაბიული ვაქცინაცია“, – განაცხადა იოსელიანმა.

მისივე თქმით, ხშირ შემთხვევაში, მოქალაქეები უსაფრთხოების წესების მნიშვნელობას ვერ იაზრებენ.

„რეგულაციებს, რაცაა საბმელით, ალიკაპით გასეირნება, სამწუხაროდ, მოსახლეობა ვერ იაზრებს, არ მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია. პატრონს ჰგონია, რომ მას თუ არ კბენს ძაღლი, ის მესამე პირისკენაც არ გაიწევს. სამწუხაროდ, მსგავსი ფატალური შედეგებით სრულდება ხოლმე ასეთი შემთხვევები.
ამ ყველაფერს აკონტროლებენ მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოები. თბილისში ასეთია ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო, რომლის წარმომადგენელიც ამ შემთხვევაში მე ვარ. ჩვენი კონტროლის ბერკეტია საჯარიმო სანქციები, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 103 -ე მუხლის საფუძველზე. თუ უსაფრთხოების ნორმებს არ იცავს პიროვნება, საბმელისა და ალიკაპის გარეშე ასეირნებს ცხოველს, ვიყენებთ საჯარიმო სანქციას, თუმცა ეს არაა ადეკვატური ოდენობის. კანონში ასე განისაზღვრება: შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობის მეხუთედი, რაც 8 ლარია. პარლამენტში უკვე გაგზავნილი გვაქვს პროექტი, იქ სანქციები დიფერენცირებულია. ყველა ქმედებაზე გარკვეული ტიპის სანქცია იქნება გადაცდომის სიმძიმიდან გამომდინარე. ვმუშაობთ კანონმდებლობის დახვეწაზე. ბევრი საკითხის დარეგულირება გვაქვს დაგეგმილი, მათ შორის, ძაღლების კლასიფიკაცია. მიმდინარე ეტაპზე პარლამენტი განიხილავს „შინაური ბინადარი ცხოველების კეთილდღეობის შესახებ კანონს“, სათაურის საბოლოო რედაქცია ჩამოყალიბებული არაა, თუმცა შინაურ ბინადარ ცხოველებს ეხება. ამ კანონის პროექტზე სამუშაო ჯგუფში ჩვენც ვართ ჩართულები. განისაზღვრა მებრძოლი ჯაშის ძაღლების ნუსხა. აღნიშნული ჯიშის ძაღლების შემოყვანა, გამრავლება, გასხვისება აიკრძალება. მოვიკვლიეთ ევროპის ქვეყნების მაგალითები, ნორვეგიის, გერმანიის, სხვა ქვეყნების. ამ ქვეყნებში მებრძოლი ჯიშის ძაღლები აკრძალულია და საკმაოდ მკაცრი სანქციებია დაწესებული. სანქციები ჩვენს შემთხვევაშიც იქნება ადეკვატური, დანაშაულის სიმძიმიდან გამომდინარე. რაც შეეხება რეგულაციის ამოქმედების შემდეგ იმ ცხოველებს, რომლევიც მებრძოლი ჯიშის არიან და უკვე ქვეყნის ტერიტორიაზე იმყოფებიან  – რა თქმა უნდა, ეს რეგუალცია მათ არ შეეხება, თუმცა პატრონებს ექნებათ ვალდებულება, არ გაასხვისონ ძაღლი, ბოლომდე მოვლა-პატრონობაში ჰყავდეთ, სტერილიზაცია- კასტრაციის ოპერაცია გაუკეთონ, რათა არ მოხდეს ამ ჯიშის ძაღლების გამრავალება. დაახლოებით, 10-მდე ასეთი ჯიშია“  – განმარტა იოსელიანმა.

მისივე თქმით, როცა ცხოველი აგრესიას ავლენს, პატრონს აქვს ვალდებულება, აუცილებლად ვეტერინარს ან ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიმართოს.

„ძაღლზე ხდება დაკვირვება, შემდეგ კი შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღება. აგრესიული ძაღლის შემთხვევაში, არ გვაქვს უფლება, პატრონს ჩამოვართავთ, თუმცა პატრონს მოუწევს, ძაღლის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინოს. თუ გაუფრთხილებლობას მოჰყვა ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება, ამ შემთხვევაში, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დგება“, – განაცხადა კახაბერ იოსელიანმა.

თამუნა შეყილაძე  

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები