რამაზ საყვარელიძე: კრიმინალთან დაკავშირებული ისტერიკის მიზანი ხელისუფლების პოტენციური ამომრჩევლის სახლში დატოვებაა

მსოფლიოს მოწინავე სარეიტინგო პლატფორმა Numbeo-ს კვლევის თანახმად, კრიმინალისაგან თავისუფალი, უსაფრთხო ქვეყნების რეიტინგში საქართველო მსოფლიოს 133 ქვეყანას შორის მე-4 ადგილზეა, ხოლო ევროპაში – პირველზე. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ბოლო წლებში, საშუალოდ ერთ დღე ღამეში, საქართველოში 100 დანაშაული ხდება.

საარქივო სტატისტიკის მიხედვით, 206-2007 წლებში დღე ღამეში საშუალოდ 175 დანაშაული ხდებოდა,  „ნულოვანი ტოლერანტობის“ პირობებში. ანუ მაშინ, როცა ციხეებში 25 ათასი პატიმარი იხდიდა სასჯელს, ყოველდღიურად, საშუალოდ, 85 დანაშაული ხდებოდა.

მაგალითად, 2010 წელს მოხდა 180 განზრახ მკვლელობა, 238 მკვლელობის მცდელობა, 82 გაუპატიურება, 126 ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, 31 თავისუფლების უკანონო აღკვეთა, 11371 ქურდობა (მ.შ. ავტომობილების 117, მობილურების 402 შემთხვევა), 638 ძარცვა (მ.შ. ავტომობილები და მობილურები), 398 ყაჩაღობა (მ.შ. ავტომობილები და მობილურები), 1326 თაღლითობა, 77 გამოძალვა, ათასობით ნარკოდანაშაული. სულ 2010 წელს რეგისტრირებული იქნა 34739 დანაშაული (თვეში 2894, დღეში 95 ).

სპეციალისტების შეფასებით, Numbeo-ს რეიტინგებისა და ზემოთ აღნიშნული სტატისტიკის მიუხედავად, აშკარაა, რომ დაწყებულია ბოლო დროს სახვადასხვა მიზეზით დაღუპული ახალგაზრდების საქმეთა უკიდურესი პოლიტიზირება და სამართალდამცველთა რეპუტაციის მაქსიმალური დისკრედიტაცია. რას ემსახურება ეს ერთგვარი მედია ისტერიკა, ამის გარკვევას „კვირა“ ფსიქოლოგ რამაზ საყვარელიძესთან შეეცადა.

უსაფრთხო ქვეყნების საერთაშორისო რეიტინგებში საქართველო ერთერთი ლიდერია, არც სტატისტიკაა მაინცდამაინც საგანგაშო. რას უნდა მივაწეროთ ის აპოკალიპტური სურათი, რომელიც ზოგიერთი მედიასაშუალებისა და პოლიტიკოსის მიერ იხატება?

წესით, ყველასთვის ცხადია, რასაც ემსახურება მედიაში ატეხილი ისტერიკა კრიმინალის მომძლავრებასთან დაკავშირებით. თუ ამ ისტერიკის ფიგურანტებს ვნახავთ, აღმოვაჩენთ, რომ ეს ხალხი, ძირითადად, ოპოზიციის წარმომადგენლები არიან. აშკარაა, რომ მათ გარკვეული პოლიტიკური მიზნები აქვთ და ეს მიზანია ხელისუფლების დისკრედიტაცია. მათი გაგება შეიძლება. მათ სჭირდებათ, დაგროვდეს ხარვეზები, რომლებიც ადამიანებს უარს ათქმევინებს დღეს ხელისუფლებაში მყოფ პარტიაზე. კორანავირუსის ინფექცია ამისთვის არ გამოდგა, ეკონომიკის თემებზე აქცენტიც არაა მომგებიანი კორონავირუსის ფონზე. მთელს მსოფლიოში ეკონომიკა მძიმე მდგომარეობაშია. შესაბამისად, სამიზნედ აირჩიეს კრიმინალური ვითარება ქვეყანაში. მათი მტკიცებით, მოხდა დანაშაული და ხელისუფლებამ არ გააკეთა ის, რაც უნდა გაეკეთებინა. იწყება შესაბამისი კამპანია, რასაც ახლა ვუყურებთ.

გამოიღებს შედეგს ეს კამპანია?

გარკვეული შედეგის მოტანის შანსი არის. რეალურად, რა მოხდება, ეს ბოლო მომენტამდე არავინ ვიცით. საარჩევნო ყუთამდე ჯერ დიდი დროა. შანსი არის იმისა, რომ მედიაისტერიკა გაიზარდოს და გამწვავდეს იმისათვის, რომ მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ხელი ჩაიქნიოს და არჩევნებზე არ მივიდეს. ისტერიკა ხომ ემოციაა. ემოცია არ ფიქრობს, რაციონალიზმს არ ექვემდებარება. ამაზეა გათვლა გაკეთებული. როცა ბევრ ნეგატივს ისმენს ადამიანი, მას უჩნდება სურვილი,  განერიდოს ამ ნეგატივს. ამ ნეგატივის ასოცირება კი ხელისუფლებასთან ხდება. შესაბამისად, ეს უკვე შედეგი იქნება ოპოზიციისთვის. ძირითადად, ეს ნეგატივი გაუჩნდება იმას, ვინც ხელისუფლებას უჭერს მხარს ან შეიძლება, დაუჭიროს. ვინც ოპოზიციას უჭერს მხარს, მათი მობილიზაცია საარჩევნოდ პრობლემა არ იქნება. ამ ისტერიკის გზით ოპოზიციამ შესაძლოა, სახლში დატოვოს ხელისუფლების მომხრეთა დიდი ნაწილი და მიიღოს ის სურათი, რაც იყო პრეზიდენტის არჩევნების პირველ ტურში. ანუ გათანაბრდეს ხელისუფლებისა და ოპოზიციის ხმების რაოდენობა მომავალ არჩევნებში.

ამ ვითარებაში ხელისუფლებამ რა უნდა ქნას. მედიაში კიდევ უფრო უნდა გააქტიურდეს თუ რა?

მედიაში აქტიურობა ყოველთვის ერთნაირად შედეგიანი არ არის. კი უნდა იაქტიუროს და არ უნდა გაჩუმდეს, მაგრამ იმისთვის, რომ ეს ისტერიკული ფონი ჩაქრეს, რაც შეიძლება მეტად უნდა ცადოს, რაციონალურ რელსებზე გადაიყვანოს საკითხები. არის მოვლენა და ამ მოვლენასთან დაკავშირებული ფაქტები? ეს ფაქტები სწრაფად უნდა მიაწოდოს საზოგადოებას. სირთულე რა არის, პირველად ხელისუფლებამ უნდა თქვას. არ უნდა მიეცეს ოპონენტს იმის თქმის საშუალება, რომ ხელისუფლება რაღაცას მალავს. მოკლედ, ხელისუფლებამ უნდა შეძლოს, რომ საზოგადოებამ იაზროვნოს ხელისუფლებასთან ერთად. ინფორმაციის პირველი წყარო უნდა იყოს ხელისუფლება.

არჩევნებამდე ჯერ დიდი დროა, მაგრამ ამ მოცემულობაში თქვენი პროგნოზი როგორია, შეძლებს ხელისუფლება ოქტომბრის შემდეგ მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას?

ყოველდღიურად ცვლადი სიტუაციაა, მე პროფესიით ფსიქოლოგი ვარ და ამიტომ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ რიცხვებს. ოპოზიციის მიერ ჩატარებული კვლევებითაც კი ლამის 40 პროცენტს უტოლდება ხელისუფლების მხარდაჭერა. ხელისუფლების კვლევებით მხარდაჭერა 50%-ს აღემატება. სადღაც საშუალო მაჩვენებელზე თუ შევჯერდებით, გამოვა, რომ ხელისუფლება მთავრობის ფორმირებას შეძლებს. გასათვალისწინებლია ის გარემოებაც, რომ პარლამენტში ხელისუფლებასთან დაპირისპირებულ ოპოზიციასთან ერთად, ასე ვთქვათ, ზომიერი ოპოზიციაც შევა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები