ექსპერტიზის ბიურო: ყინულის მოთხოვნასა და უარის მიღებაზე რაიმე მოლაპარაკება თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახთან არის დეზინფორმაცია

თამარ ბაჩალიაშვილის მამამ, ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა განაცხადა, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში მის ახლობლებს უთხრეს, რომ მისი შვილის ცხედარს ამ საღამოს ვერ გაატანდნენ, რადგან ყინული არ ჰქონდათ.

ჯუმბერ ბაჩალიაშვილის განხადების საპასუხოდ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში “აიპრესს” განუცხადეს, რომ ყინულის მოთხოვნასა და უარის მიღებაზე რაიმე მოლაპარაკება თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახთან არის დეზინფორმაცია. ბიურო მზადაა ოჯახს ცხედარი გადასცეს.

“სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიურო უპირველეს ყოვლისა გამოვთქვამთ მწუხარებას თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების გამო და ვუსამძიმრებთ ოჯახს.

ექსპერტიზის ეროვნული ბიურო განმარტავს, რომ ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტში ამ დრომდე მიმდინარეობდა გვამის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა და ამჟამად დასრულებულია. ექსპერტიზა ჩაატარა ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტებმა და ესწრებოდა ოჯახის მიერ წარდგენილი პირი. ამ მომენტისთვის ბიურო მზად არის ოჯახს გადასცეს გარდაცვლილის ცხედარი.

სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს ბიუროს გარდაცვლილის ახლობლებმა მოთხოვეს ყინული და მათ ბიუროს მხრიდან ეთქვათ უარი. ასეთი შინაარსის კომუნიკაცია ბიუროს ექსპერტებსა და ოჯახის წარმომადგენლებს შორის არ შემდგარა.
აქვე განვმარტავთ, რომ ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტს აქვს სპეციალური, შესაბამისი დანადგარები, რომელშიც ხდება გვამის განთავსება იმ დრომდე, ვიდრე ოჯახის წევრების მიერ არ მიიღება გადაწყვეტილება გარდაცვლილის გადასვენების შესახებ. აღნიშნული პროცედურა არაერთხელ განხორციელებულა ბიუროში. ამ შემთხვევაშიც, რა თქმა უნდა ბიურო მზად არის განათავსოს გარდაცვლილის ცხედარი სპეციალურ სივრცეში, ოჯახის მხრიდან გადასვენების მზაობის გამოთქმამდე.

ბიურო არის საექსპერტო დაწესებულება და არც ამ და არც სხვა შემთხვევაში, საექსპერტო დაწესებულებას არ გამოუყენებია ყინული ან, სხვა რაიმე სახის ე.წ. სარიტუალო აღჭურვილობა.
ბიურო მზად არის, იმოქმედოს ოჯახის მოთხოვნის შესაბამისად და მათ მიერ დასახელებულ ნებისმიერ დროს მოხდეს გვამის გადასვენება”, – განუცხადეს “აიპრესს” ექსპერტიზის ბიუროში.

წყარო: IPRESS

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები