21 ივლისი დავით გურამიშვილის გარდაცვალების დღეა

1792 წლის 21 ივლისს, 87 წლის ასაკში ქართველი პოეტი, დავით გურამიშვილი გარდაიცვალა.
დაიბადა 1705 წლის 1 აგვისტოს (ძვ. სტილით – 21 ივლისი) საგურამოს თემის სოფელ გორის უბანში.
სიჭაბუკე თავის მამულში, საგურამოში გაატარა. შემდეგ მისი ცხოვრება ტრაგიკულად წარიმართა. დაახლოებით 1727-1728 წლებში გურამიშვილი ლეკებმა შეიპყრეს და დაღესტანში, სოფ. ოსოქოლოში ჩაიყვანეს. იგი ტყვეობიდან გაიპარა და თავი შეაფარა თერგის პირას მცხოვრებ რუს ახალმოსახლეებს. 1729 წელს სოლაღ-ასტრახანის გზით ჩავიდა მოსკოვში. ვახტანგ მეექვსის გარშემო შემოკრებილ ქართველობასთან ერთად გურამიშვილი ინტენსიურ კულტურულ საქმიანობას ეწეოდა. ეს წლები მისთვის ნაყოფიერი გამოდგა. ფაქტობრივად, აქედან იწყება გურამიშვილის ბიოგრაფია.
გურამიშვილის ბედი მჭიდროდ დაუკავშირდა უკრაინასა და ქართველ ჰუსართა პოლკს. მან მამული მიიღო სამხრეთ უკრაინაში – მირგოროდსა და ზუბოვკაში. 1738-1760 წლებში მონაწილეობდა ოსმალეთის, შვეციისა და პრუსიის წინააღმდეგ რუსეთის ლაშქრობებში, თავი ისახელა ერთგულებითა და სიმამაცით.
როგორც ჩანს, მძიმე პოლიტიკური სიტუაციის გამო სამშობლოში დაბრუნება ვეღარ მოუხერხებია. სიცოცხლის დანარჩენი წლები გურამიშვილმა უკრაინაში გაატარა. აქტიურად მონაწილეობდა უკრაინის ქართული ახალშენის ცხოვრებაში.
მწერალმა თავის ლიტერატურულ მემკვიდრეობას თავი მოუყარა ერთ კრებულში და 1787 წელს საკუთარი ხელით გადაწერილი „დავითიანი“ პოტიომკინის კარზე მყოფ მირიან ბატონიშვილს (ერეკლეს ძეს) გამოატანა საქართველოში, რითაც ზნეობრივი ვალი მოიხადა მშობლიური ქვეყნისა და ხალხის წინაშე. გურამიშვილის პოეტურმა მემკვიდრეობამ სწორედ ამ ერთადერთი ავტოგრაფიული კრებულის სახით მოაღწია.
გურამიშვილის პოეტური კრებული მრავალჯერაა გამოცემული. პირველად იგი 1870 წელს დაიბეჭდა, ხოლო 1955 გამოქვეყნდა აკადემიური გამოცემა. „დავითიანი” მთლიანადაა თარგმნილი რუსულ და უკრაინულ ენებზე. ცალკეული თხზულებანი კი თარგმნილია ყოფილ სსრკ-სა და მსოფლიოს ხალხთა ენებზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები