გურამ მაჭარაშვილი: ვეთანხმებით სახელმწიფოს გადაწყვეტილებას, თავად იყოს ანაკლიის პორტის 100%-იანი წილის მესაკუთრე. გარწმუნებთ, უფრო მეტი ინვესტორი გამოჩნდება-საქართველო მსოფლიოს არაერთი ძლიერი ქვეყნისთვის, შუა დერეფნის მნიშვნელოვანი რგოლია
პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი მედიასთან გამოეხმაურა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, სახელმწიფო გახდეს პორტის 100%-ის მფლობელი, ხოლო ტერმინალები იჯარით გადაეცეს საერთაშორისო პარტნიორებს. დეპუტატმა გადაწყვეტილება პოზიტიურად შეაფასა და თქვა, რომ ამგვარად კიდევ უფრო მეტი ინვესტორი შემოვა საქართველოში. მაჭარაშვილმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ყველა საერთაშორისო პარტნიორისთვის ცხადი ხდება საქართველოს როლი შუა დერეფანში, ხოლო ანაკლიის პორტი დერეფნის მნიშვნელოვანი ლოჯისტიკური საყრდენია.
„დერეფანი აქტიურდება ყოველდღიურად და, რა თქმა უნდა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის არსებობა არის საკმაოდ დიდი ინტერესის საგანი ბევრი ქვეყნისთვის, პირველ რიგში ჩვენთვის. ამ შემთხვევაში, ამას ეკონომიკურთან ერთად, პოლიტიკური გავლენაც ექნება“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
დეპუტატმა აღნიშნა ისიც, რომ დღევანდელ ტურბულენტურ გეოპოლიტიკურ გარემოში, შუა დერეფანი და ანაკლიის პორტი ყველაზე სტაბილური და უსაფრთხო მარშრუტია.
„ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, რა ისტორია და ქრონოლოგია აქვს ანაკლიის პორტის პროექტს. ყველამ ვიცით, რა მოხდა ხაზარაძესთან დაკავშირებით: მას რეალურად ჰქონდა მართვის სათავეები სახელმწიფოსგან მიღებული და, შესაბამისად, აიღო ვალდებულებებიც. მრავალ ჯერზე გადავადების მიუხედავად, მან ვერ შეასრულა ეს ვალდებულებები- მიიღო კიდეც ის შედეგი, რაც მიიღო, მათ შორის საერთაშორისო და საარბიტრაჟო სასამართლოებში. მხედველობაში მაქვს დავის წაგება. ანუ, ერთი მხრივ, ვერ შეასრულა ის ვალდებულება, რაც ჰქონდა სახელმწიფოსთან და მეორე მხრივ, უჩივლა საკუთარ სახელმწიფოს და თავადვე დაჯარიმდა. ასეთი არასწორი მიდგომები, ბუნებრივია, გარკვეულ კვალს ტოვებს მნიშვნელოვან პროექტებზე. მაგრამ, გამომდინარე იქიდან, რომ დღეს რეალობა შეცვლილია, ასევე ცალსახად იკვეთება შუა დერეფნის მნიშვნელობაც. დერეფანი აქტიურდება ყოველდღიურად და, რა თქმა უნდა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის არსებობა არის საკმაოდ დიდი ინტერესის საგანი ბევრი ქვეყნისთვის, პირველ რიგში ჩვენთვის. ამ შემთხვევაში, ამას ეკონომიკურთან ერთად, პოლიტიკური გავლენაც ექნება. ამიტომაც არის, რომ აბსოლუტურად სწორია და ვეთანხმებით სახელმწიფოს გადაწყვეტილებას, თავად იყოს პორტის 100%-იანი წილის მესაკუთრე და გარწმუნებთ, რომ ამ შემთხვევაში კიდევ უფრო მეტი ინვესტორი გამოჩნდება, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო უკვე არა მხოლოდ ჩვენი აზრით, არამედ, მათ შორის, ევროპელების სიტყვებითაც, არის შუა დერეფნის მნიშვნელოვანი რგოლი. ფაქტია, რომ შუა დერეფანი ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის, ჩინეთისთვის და სხვა სახელმწიფოებისთვის წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო მარშრუტს. დღევანდელ ტურბულენტურ გეოპოლიტიკურ გარემოში კი ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.