ზაალ ანჯაფარიძე: როდესაც ასეთი მოღალატეობრივი იდეები მოსდის თავში პარტია “ლელოს”, რომლის ლიდერებმაც თავიდანვე ჩააფლავეს ეს მეგა-პროექტი, მაშინ ნუღარ ეწყინებათ ნურც პარტიას და ნურც განცხადების გამკეთებელს, თუ მათ იმას უწოდებენ რასაც იმსახურებენ
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე პარტია „ლელოს“ მიერ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ პორტის მფლობელობაში სხვა ქვეყნების ინტერესების ჩართვის აუცილებლობა არ არსებობს.
მისი შეფასებით, თუ სახელმწიფო ანაკლიის პორტს საკუთარი რესურსით ახორციელებს და პროექტი საქართველოს საკუთრებაში რჩება, დამატებითი საერთაშორისო კონსორციუმის შექმნის იდეა გაუმართლებელია.
„წარმოიდგინეთ, სახელმწიფომ განაცხადოს, რომ მე ვაკეთებ ანაკლიის პორტს, რომ პორტი იქნება საქართველოსი და სხვისი არავისი და ამ პატარა კოსმოპოლიტს უნდა რომ ამ პორტის მფლობელობაში სხვა ქვეყნები შემოიყვანოს თავიანთი ინტერესებით და მოთხოვნებით, მაშინ როდესაც ამის საჭიროება არ არსებობს.
როდესაც ასეთი მოღალატეობრივი იდეები მოსდის თავში პარტია “ლელოს” (პარტიის სახელით გაკეთდა განცხადება), რომლის ლიდერებმაც თავიდანვე ჩააფლავეს ეს მეგა-პროექტი, მაშინ ნუღარ ეწყინებათ ნურც პარტიას და ნურც განცხადების გამკეთებელს, თუ მათ იმას უწოდებენ რასაც იმსახურებენ.
ე.წ. “კავკასიური კონსორციუმის” შექმნა ანაკლიის პორტისთვის, ისეთივე პროვოკაციული რამ არის, რაც თავის დროზე შექმნილი და ჩავარდნილი “ანაკლიის კონსორციუმი” სარეკლამო ფარად რომ ჰყავდათ ამერიკული ფირმა, ხოლო სხვა წევრები ვინ იყვნენ, ჩახედულმა ხალხმა კი იცის – სიაფანდი ფირმები.“ – წერს ანჯაფარიძე.