შალვა პაპუაშვილი: უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის ძალისხმევის კოორდინაციაში კანდიდატი ქვეყნების პარლამენტებიც ჩაერთონ

“უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის ძალისხმევის კოორდინაციაში კანდიდატი ქვეყნების პარლამენტებიც
ჩაერთონ. მართალია, მოლაპარაკებებს მთავრობები აწარმოებენ, მაგრამ სწორედ პარლამენტები ანიჭებენ ევროპულ ინტეგრაციას დემოკრატიულ ლეგიტიმაციას. საქართველოს პარლამენტის სახელით, ჩემს კოლეგებს რამდენიმე გზავნილს გავუზიარებ,” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა პირველ (სადამფუძნებლო) კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, მსოფლიოში არსებული ახალი პოლიტიკური და ეკონომიკური რეალობა ევროკავშირისგან გაფართოებისადმი ახალი მიდგომის ჩამოყალიბებას მოითხოვს.

,,პირველი, ევროკავშირის გაფართოება ევროპის მომავალი სტრატეგიული სიცოცხლისუნარიანობის მიღწევის მთავარი საშუალებაა. მსოფლიოში არსებული ახალი პოლიტიკური და ეკონომიკური რეალობა, გლობალური კონკურენცია და ძალთა განაწილების ცვლილება ევროკავშირისგან გაფართოებისადმი ახალი მიდგომის ჩამოყალიბებას მოითხოვს. ათწლეულების განმავლობაში „ციხესიმაგრე ევროპის“ კონცეფციის შენარჩუნება, რაც გაფართოების გარეშე განვითარებას გულისხმობს, დღეს ქმედითი არჩევანი აღარ არის. ჩვენი შეხვედრის სათაური – „ევროპის მომავლის ერთობლივად ჩამოყალიბება“ – ზუსტად ასახავს ამ განწყობას: კანდიდატი ქვეყნები უნდა განიხილებოდნენ გაფართოების პროცესის მონაწილეებად და არა მის ობიექტებად. ევროკავშირს აღარ აქვს იმის ფუფუნება, რომ საკუთარ თავს კვლავ ექსკლუზიურ კლუბად აღიქვამდეს, რომელიც კანდიდატი ქვეყნების მიმართ გაწევრიანების „მოწყალებას“ გაიღებს ან არა. პირიქით, დროა ევროკავშირი სერიოზულად მიუდგეს მის მიერვე დამკვიდრებულ და აწ უკვე გაცვეთილ მეტაფორას, რომ „ტანგოს ორი სჭირდება“- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები