საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის 35-ე სხდომა გახსნა

მიგრაციის საკითხთა კომისიის 35-ე სხდომა იუსტიციის მინისტრმა და კომისიის თავმჯდომარემ პაატა სალიამ გახსნა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით მინისტრმა საქართველოს მთავრობის მიგრაციის პოლიტიკაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა მიგრაციის საკითხების განსაკუთრებულ მნიშვნელობას როგორც ეროვნული პოლიტიკის, ისე რეგიონული და საერთაშორისო დღის წესრიგის კონტექსტში.

პაატა სალიას განცხადებით, თანამედროვე მიგრაციული პროცესების დინამიკა, უსაფრთხოების, ეკონომიკური განვითარებისა და დემოგრაფიული გამოწვევების გათვალისწინებით, სახელმწიფოსგან მოითხოვს მოქნილ, მტკიცებულებებზე დაფუძნებულ დავგრძელვადიან ხედვაზე დაფუძნებულ პოლიტიკას, რათა შესაძლებელი იყოს როგორც გამოწვევებზე ეფექტიანი რეაგირება, ისე არსებული შესაძლებლობების სრულფასოვანი გამოყენება.

მონაწილეებმა ასევე მოისმინეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანგარიში მიგრაციის სფეროში განხორციელებული უახლესი საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, რომლებიც მიგრაციის მართვის სამთავრობო კომისიის წევრი უწყებებისა და საქართველოს პარლამენტის ეფექტიანი თანამშრომლობის შედეგად მომზადდა.

კომისიის წევრებმა ასევე შეაჯამეს გაეროს საერთაშორისო მიგრაციის მიმოხილვის ფორუმის (IMRF) მეორე შეხვედრის შედეგები, რომლის ფარგლებშიც უწყებათაშორისმა სამთავრობო დელეგაციამ საერთაშორისო პარტნიორებს საქართველოს გამოცდილება და მიგრაციის სფეროში განხორციელებული რეფორმები გააცნო.

გაფართოებულ სხდომას, სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან ერთად, ესწრებოდნენ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები.

მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანოა, რომელსაც თავმჯდომარეობს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, ხოლო კომისიის სამდივნოს ფუნქციას სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო” ასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები