“ჩვენ თავიდან უნდა ავიცილოთ შთაბეჭდილება, თითქოს, კანდიდატი ქვეყნები ერთმანეთის კონკურენტები არიან და არა პარტნიორები. ასეთი ფრაგმენტაცია მხოლოდ გვასუსტებს”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა პირველ (სადამფუძნებლო) კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკავშირში გაწევრების საპარლამენტო დიალოგი უნდა იყოს პრაქტიკული თანამშრომლობის, ერთობლივი ინიციატივებისა და ევროკავშირისადმი საერთო გზავნილის ჩამოყალიბების პლატფორმა.
,,როდესაც პრობლემებს ცალ-ცალკე ვუმკლავდებით, ჩვენი ხმა უფრო სუსტია, ჩვენი გავლენა მცირდება, ხოლო გაფართოების პროცესის გაჭიანურება, პოლიტიზება ან განუსაზღვრელი ვადით გაგრძელება უფრო იოლდება. თავიდან უნდა ავიცილოთ, რომ კანდიდატი ქვეყნების საპარლამენტო ფორმატი ქვეყნების რანჟირების, დამრიგებლობის ან ორმხრივი დავების განხილვის სივრცედ იქცეს. ეს უნდა იყოს პრაქტიკული თანამშრომლობის, ერთობლივი ინიციატივებისა და ევროკავშირისადმი საერთო გზავნილის ჩამოყალიბების პლატფორმა. ერთობლივ დეკლარაციაში, რომლის მიღებასაც დღეს ვაპირებთ, მკაფიოდაა აღნიშნული, რომ ჩვენ აქ შევიკრიბეთ ერთიანობისთვის და არა დაყოფისთვის – საქართველოს პარლამენტი სრულად იზიარებს ამ გზავნილს.
დაბოლოს, ევროკავშირის ამჟამად შესუსტებული გეოპოლიტიკური და ეკონომიკური პოზიციების გაძლიერების საუკეთესო გზა სტრატეგიულად უმნიშვნელოვანეს გეოპოლიტიკურ რეგიონებში – ბალკანეთსა და შავი ზღვის რეგიონში – გაფართოებაში მდგომარეობს. სწორედ ამიტომ, ევროკავშირმა გაფართოება უნდა აღიქვას, როგორც განახლებისა და გლობალური ლიდერობის დაბრუნების ისტორიული შესაძლებლობა და არა როგორც ტვირთი ან ქველმოქმედების აქტი, როგორც ამას ზოგიერთები წარმოაჩენენ.
როგორც საქართველოს ეროვნული დევიზი გვასწავლის, „ძალა ერთობაშია.“ ამიტომ, დაე, გამოვიყენოთ ეს შეხვედრა იმისთვის, რომ ჩვენი ევროპული მომავალი ერთად ჩამოვაყალიბოთ,”- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.