გურამ რჩეულიშვილის დაბადების დღე და „ალაზნის ჭალიდან ამოვარდნილი ალავერდი“
1934 წლის 4 ივლისს მწერალი გურამ რჩეულიშვილი დაიბადა.
ფრაგმენტი მოთხრობიდან „ალავერდობა“:
„მან არ იცის კახეთი, ვისაც, ცივ-გომბორის ქედზე შემდგარს, არ დაუნახავს ალაზნის ჭალიდან ამოვარდნილი ალავერდი და მას არ განუცდია იმ დაუოკებელი კახური ვნების სიმძაფრე, ვისაც, თავისი ფეხით ავარდნილს ალავერდის თავზე, გუმბათიდან არ დაუნახავს ერთმანეთზე მიყრილი და უსასრულობამდე გაშლილი სოფლები, სავსე და დიდებული, ჩაფლული გაუთავებელ ვაზის ხეივნებში.
მთელი ამ ხედვის უზარმაზარ სივრცეში არ არის არც ერთი გოჯი, რომელსაც არ სწყალობდეს შემოქმედის დალოცვა, არ არის არც ერთი წერტილი, სადაც ადამიანს, ისტორიის სიღრმიდან დღემდე, მადლობა არ გადაეხადოს მისთვის და არ შეექმნას თავისი შრომით მატერიალურად თუ სულიერად ძლიერი და ღირსეული რამ. ტყის პირას გაგონილი, დაუწერელი, ერთად მოვარდნილი სიმფონიასავით იღვრება თვალის წინ ძველი ციხეები, ეკლესიები, ბურჯები და ამ ეპოქაში ნაშენი ხიდები, სწორი, უგეგმიანესი ალვნებით. ამ გეგმიანობიდან სინათლესავით მოდის შეუჩერებლივ რაღაც ახალი, სიცოცხლისუნარიანი, მისი ეგზოტიკისათვის უცნობი ძალა იპყრობს გუმბათის თავზე მდგომის სხეულს: ახალი, შეუცნობლად კანონზომიერი, შეერთებული გრანდიოზულ უსიტყვო შრომასთან. ის ფიქრობს: საიდან მოდის ეს სიცოცხლისუნარიანობა და პასუხობს: ის თვითონ ჩემშია, ის თვითონ იმ ხალხშია, რომელიც ღრეობს ქვევით, მაგრამ ჩვენ ორი დღით დავიბენით, რომ ახალი ძალით გვეგრძნო ნამდვილი შემოქმედური სიამოვნება შრომისგან, რადგან ვნების სიმძაფრე შენებაშია და არა აშენებულით ტკბობაში.
მის ფეხქვეშ დგას ალავერდი, სხვისი გრანდიოზული ვნებისგან შექმნილი, თვითონ კი… გუმბათის თავზე შერჩენილს, ღიმილი ერევა, ისეთ უაზრობად ეჩვენება აქ დგომა იმათ ყურადღების ცენტრში, ის ქვევით იხედება და ღიმილი სიცილად ექცევა – დაბლა უკვე დაშლილა ხალხი და ის სულ მარტოა აქ, ამ საშიშ ადგილას, ალვნებში მწყობრად ინთება სინათლეები და ჩამოსულს, მხოლოდ ცხენის მიგდებული, უაღვირო ლეში აგონებს მის უაზრო, გაუმიზნავ, უნაყოფო სურვილს.
სინათლეები კი სულ მატულობს და საოცარი ჰარმონიით ერევა ალაზნის მდუმარე ველს, რომელსაც ის ფეხით მიჰყვება ალვანისაკენ“.