გურამ მაჭარაშვილი: პირდაპირ ითქვა, რომ უკრაინისა და საქართველოს მიღება ნატოში იყო ილუზია და ასევე ღიად უთხრეს უკრაინას – რუსეთთან ომს თქვენ გამო ვერ გავმართავთო
ნატოს წამყვანი ქვეყნები თავად ამბობენ, რომ ნატოს მომავალი ძალიან ბუნდოვანია და აცხადებენ, რომ საჭიროა ურთიერთობების გადატვირთვა. ამ გადატვირთვისას უსაფრთხოების არქიტექტურაში ისინი რუსეთს მოიაზრებენ და ჩვენ სად უნდა ვიყოთ, იქნებ გაგვაგებინონ, – განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა თურქეთში მიმდინარე ნატოს სამიტის კომენტირებისას.
როგორც მაჭარაშვილმა განაცხადა, საქართველოს ნატოში გაწევრიანებისთვის დამაბრკოლებელი მიზეზები არ არსებობდა, რადგან ქვეყანამ ნატოს ეგიდით სამშვიდობო მისიებში ყველაზე დიდი კონტრიბუცია გაიღო და ყველა ნაკისრი ვალდებულება და პირობა შეასრულა.
„ეს არის მოკავშირეებისა და ასპირანტების შეხვედრა. სადაც არის საჭირო, საქართველოს იქ მიიწვევენ, მაგრამ მთავარი აქ სხვა რამეა – შედეგი. შედეგი კი ისაა, რომ საქართველო დღეს ინარჩუნებს დამოუკიდებლობას, სტაბილურობასა და მშვიდობას.
გავიხსენოთ, რატომ დაიწყო ომი უკრაინაში – სწორედ იმის გამო, რომ მან ნატოს წევრობაზე არ თქვა უარი. ახლა მარტივი კითხვა მაქვს – ღირდა ეს იმად, რა მდგომარეობაშიცაა ახლა უკრაინა? გარდა ამისა, მიიღო სრული უპერსპექტივობა, რაზეც პირდაპირ საუბრობენ ნატოს ლიდერები. ამ ვითარებაში საქართველოს ნატოში გაწევრიანების რა პერსპექტივა შეიძლება ჰქონდეს? თუ ვინმეს შეიძლებოდა ჰქონოდა ნატოს წევრობის პერსპექტივა, ეს საქართველო იყო.
გავიხსენოთ, რომ პროცენტულად ყველაზე მეტი ჩვენი ჯარისკაცი დაიღუპა ნატოს სამშვიდობო მისიებში, ყველაზე დიდი კონტრიბუცია ჩვენი იყო და ყველა პირობა და ვალდებულება ჩვენი მხრიდან შესრულდა. რა შეიძლებოდა ყოფილიყო დამაბრკოლებელი? მაგრამ ამ ფონზე პირდაპირ ითქვა, რომ უკრაინისა და საქართველოს მიღება ნატოში იყო ილუზია. ასევე პირდაპირ თქვეს და ეს უკრაინას ღიად უთხრეს – რუსეთთან ჩვენ ომს, თქვენ გამო, ვერ გავმართავთ,“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
მანვე აღნიშნა, რომ ალიანსის ლიდერები ნატოს თავად უყურებენ სკეპტიკურად. „წამყვანი ქვეყნები თავად ამბობენ, რომ ნატოს მომავალი ძალიან ბუნდოვანია და აცხადებენ, რომ საჭიროა ურთიერთობების გადატვირთვა. ამ გადატვირთვისას უსაფრთხოების არქიტექტურაში რუსეთს მოიაზრებენ და ჩვენ სად უნდა ვიყოთ, იქნებ გაგვაგებინონ,“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.