“ჩვენ ისეთი ხელისუფლებაც გვყოლია, რომელმაც თავისი უგუნურობით ისიც კი ვერ მოახერხა, რომ ქვეყნისთვის აეცილებინა კრიზისი და არათუ დაიცვა მოსახლეობა განსაცდელისაგან, არამედ ბედის ანაბარა მიატოვა ხალხი”
„ჩვენ ისეთი ხელისუფლებაც გვყოლია, რომელმაც თავისი უგუნურობით ისიც კი ვერ მოახერხა, რომ ქვეყნისთვის აეცილებინა კრიზისი, რაც სავსებით შესაძლებელი იყო და არათუ დაიცვა მოსახლეობა განსაცდელისაგან, არამედ ბედის ანაბარა მიატოვა ხალხი. გვახსოვს, როგორ გარბოდნენ ზოგიერთები ბრძოლის ველიდან და ქვეყნიდანაც კი. ეს ის ტრავმაა, რომელიც ჯერაც არ მოუშუშებია ჩვენს ხალხს“, – განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა საარჩევნო კამპანიის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, ოპოზიციისთვის მთავარია ძალაუფლების ხელში ჩაგდება და რევანში იმ 8-წლიანი თავისუფლებისთვის, რომელიც “ყველამ ერთად მოვიპოვეთ”.
„სულ ახლახან, როდესაც კენჭი ეყრებოდა საკონსტიტუციო ცვლილებებს, მათ უარი თქვეს ამ პროცესში მონაწილეობაზე და ამით საკუთარ თავსაც კი აჯობეს. აქ კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ეს ხალხი, უბრალოდ, ხავსს ეჭიდება, მათთვის მთავარია ძალაუფლების ხელში ჩაგდება, და რევანში იმ 8-წლიანი თავისუფლებისთვის, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად მოვიპოვეთ და ქვეყანა დემოკრატიული განვითარების გზაზე დავაყენეთ. მე მჯერა, ჩვენს ხალხს აქვს იმის სიბრძნე, რომ სწორი დასკვნები გამოიტანოს და ყველაფერს დაარქვას თავისი სახელი“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.