ვახტანგ ძაბირაძე: ხელისუფლების რეიტინგის შენარჩუნების ორ მიზეზს გამოვყოფდი – ხელისუფლების წარმატება პანდემიასთან ბრძოლაში და ოპოზიციის სისუსტე

“ველოდი, რომ როცა საგანგებო მდგომარეობა დასრულდებოდა და შეზღუდვებიც მოიხსნებოდა, ხელისუფლების რეიტინგი დაეცემოდა. ჩემდა გასაკვირად, ხელისუფლებამ შეინარჩუნა რეიტინგი და ეს უპირველესად ოპოზიციის ხარჯზე მოახერხა”, – ამის შესახებ ექსპერტმა, ვახტანგ ძაბირაძემ გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში განაცხადა.

ექსპერტმა ინტერვიუში ის ორი მიზეზიც გამოყო, რომლითაც ხელისუფლებამ რეიტინგი შეინარჩუნა, ესაა – “ხელისუფლების წარმატება პანდემიასთან ბრძოლაში და ოპოზიციის სისუსტე”.

“ხელისუფლების რეიტინგის შენარჩუნების ორ მიზეზს გამოვყოფდი: ხელისუფლების წარმატება პანდემიასთან ბრძოლაში და ოპოზიციის სისუსტე, ვითარებაში მისი სრული გაურკვევლობა და შეცდომები. ოპოზიცია ცდილობდა, საზოგადოებაში დაენერგა აზრი, რომ ხელისუფლებას მხოლოდ რომელიმე პრობლემასთან გამკლავება კი არ უჭირდა, არამედ არაფრის გაკეთება  შეეძლო. უეცრად კი პანდემიისას აღმოჩნდა, რომ მსოფლიოში ერთერთი საუკეთესო შედეგი გვაქვს და ქვეყანაში კორონავირუსის შიდა გავრცელება თითქმის ნულის ტოლია. ოპოზიციის დამოკიდებულება კი ისევ ძველებური იყო – ხელისუფლება არაფერს აკეთებს, საშინელი ტესტები ჩამოაქვს, სტატისტიკას აყალბებსო და ა.შ. არადა, რაც ხდებოდა, ყველა ხედავდა, მათ შორის, იმ ტელეარხებიდან, რომლებიც ოპოზიციასთან ასოცირდებიან. შესაბამისად, საზოგადოებამ კარგად დაინახა, ვინ ტყუოდა, რამაც ოპოზიციის საწინააღმდეგოდ და ხელისუფლების სასარგებლოდ იმუშავა.

კიდევ ერთი ფაქტორი, რითაც ასევე ხელისუფლებამ იხეირა, ე.წ. 8 მარტის შეთანხმება და მას მერე განვითარებული პროცესებია. აუცილებელი იყო, მიეღოთ მონაწილეობა საკონსტიტუციო ცვლილებებზე კენჭისყრაში, ამის სანაცვლოდ მთლიანად გადაულოცეს ინიციატივა “ქართულ ოცნებას”… ამ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებაში უდიდესი როლი შეასრულა დასავლეთის ზეწოლამ და საქართველოში აკრედიტებული ელჩების თავდაუზოგავმა შრომამ – ისინიც მოუწოდებდნენ შეთანხმების ყველა მხარეს, მიეღოთ ცვლილებების მიღებაში მონაწილეობა. ოპოზიციამ არც მათ მოუსმინა და, საბოლოოდ, ხელისუფლებას გადააჭარბა იმითაც, რომ ლამის ლინჩის წესით გაასამართლეს გერმანიის ელჩი. რით იყვნენ უკეთესები ამ დროს ხელისუფლების იმ წარმომადგენლებზე, რომლებიც ამტკიცებენ ხოლმე, ჩვენი დასავლელი კრიტიკოსები “ნაციონალური მოძრაობის” ლობისტები არიანო? ესაა ოპოზიციის ორი უმნიშვნელოვანესი შეცდომა და აღარ ჩამოვთვლი პატარ-პატარა და ლამის ყოველდღიურ მცდარ ნაბიჯებს.

ველოდი, რომ როცა საგანგებო მდგომარეობა დასრულდებოდა და შეზღუდვებიც მოიხსნებოდა, ხელისუფლების რეიტინგი დაეცემოდა. ჩემდა გასაკვირად, ხელისუფლებამ შეინარჩუნა რეიტინგი და ეს უპირველესად ოპოზიციის ხარჯზე მოახერხა. ოპოზიციონერი ლიდერები გაუთავებლად ლაპარაკობენ კატასტროფულ სოციალურ მდგომარეობაზე. კი ბატონო, ამას გრძნობს მოსახლეობაც, მაგრამ იმასაც ხედავს, რომ მსგავსი და უარესი ვითარებაა ყველგან. ურთულესი ეკონომიკური მდგომარეობაა წამყვან ქვეყნებშიც კი, მაგრამ ამას ემატება მძიმე პანდემიური ფონიც. ოპოზიციისგან განსხვავებით, საზოგადოება ამ შედარებით უპირატესობას ობიექტურად აფასებს. გარდა ამისა, რა ფინანსური რესურსების მოძიებაც შეეძლო, ხელისუფლებამ მაქსიმალურად მოიძია და უცნაურიც კი არის, რომ ძალიან მომჭირნედ ხარჯავს. არადა, წინასაარჩევნო ვითარების გათვალისწინებით, სხვა ხელისუფლებებს შესაძლოა, სხვანაირად ემოქმედათ. რა თქმა უნდა, ეს დახმარებები, რაც გაიცა და კიდევ გაიცემა, ცოტაა. ამას ხელისუფლებაც აღიარებს, რესურსების მომჭირნედ ხარჯვას კი იმით ხსნის, რომ მოსალოდნელია მეორე ტალღა, რა დროსაც რა იქნება, არავინ იცის.

რაღა დაგიმალოთ და, მე გაცილებით უფრო რთულ ეკონომიკურ ვითარებას ველოდი. ეს იმ დროს, როდესაც ტურიზმი, ფაქტობრივად, აღარ ფუნქციონირებს. მოკლედ, თუ ხელისუფლებამ ასე გააგრძელა, მოახერხებს არჩევნებამდე რეიტინგის არა მარტო შენარჩუნებას, არამედ  – გაზრდასაც. ოპოზიციის ფლანგზე სრული გაურკვევლობაა. ისიც კი არ იცის მისმა ამომრჩეველმა, როგორ მოუწევს ხმის მიცემა – მოახერხებენ გაერთიანებას, თუ ისევ ყველა ცალ-ცალკე წავა არჩევნებზე. დროა, კონკრეტული გადაწყვეტილებები მიიღონ. ისეთ საკითხებზე მაინც შეთანხმდნენ დროულად, რისი ცოდნაც სჭირდება მათივე ამომრჩეველს, ბოლოს და ბოლოს, პარტიულმა აქტივმა ხომ უნდა გაიგოს, ვინ რას აპირებს, თორემ როგორ იმუშავებენ ამომრჩეველთან? სუსტი ოპოზიცია უპირველესად ქვეყნისთვისაა ცუდი, რადგან ახლა, როგორც ჰაერი, ისე გვჭირდება კოალიციური ხელისუფლების ჩამოყალიბება. ეს ჩვენი სახელმწიფოსთვის წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. თუ ოპოზიცია ასე გააგრძელებს, “ოცნება” ისევ ერთპიროვნულად აიღებს ხელში ძალაუფლებას, რაც ძალიან სახიფათო იქნება. ოპოზიციამ იქნებ ის მაინც მოახერხოს, რომ ვერცერთმა ძალამ  შეძლოს დამოუკიდებლად მთავრობის ფორმირება.

საზოგადოებამ ვერ გამონახა ძალა და რესურსი იმისა, რომ მის წიაღში ახალი და საინტერესო ძალა დაბადებულიყო. როგორც ჩანს, გვაკლია დემოკრატიულ ვითარებაში ფუნქციონირების გამოცდილებაც. ამასთან, პრობლემაა ისიც, რომ პოლიტიკურ ასპარეზზე ერთი და იგივე ფიგურები ტრიალებენ და არ აძლევენ სხვებს შემოსვლის საშუალებას. ასევე იქცევიან პოლიტიკური ძალებიც. ისედაც მწირია პოლიტიკური რესურსები და მისი გადანაწილება ახალ მოთამაშეებზე არ სურთ. შესაბამისად, ყველაფერს აკეთებენ, რომ ახალი ინიციატივა ჩანასახშივე ჩაკლან. ვფიქრობ, საჭიროა ისევ და ისევ საარჩევნო სისტემის რეფორმირება ისე, რომ ამან ქვეყანაში არა მარტო პარტიული, არამედ შიდაპარტიული დემოკრატიის განვითარებასაც შეუწყოს ხელი. ძალა, რომელიც მხოლოდ ხელისუფლებაში მოსვლისა და გრანტების მიღებისთვის კი არ იბრძოლებს, არამედ პრობლემების მოგვარებაზეც იქნება ორიენტირებული, ქვეყანაში არ არსებობს. ველოდებით ახალ “ვარსკვლავბიჭუნას”… თუ გამოჩნდება ქარიზმატული ლიდერი, უცებ შეიქმნება მის ირგვლივ ბლოკი თუ გაერთიანება, რომელიც ჩაანაცვლებს “ქართულ ოცნებას”, თუმცა მერე იგივე განმეორდება. მოკლედ, თუ ქვეყანაში ინსტიტუციური დემოკრატია არ ჩამოყალიბდა, მუდმივად ერთ წრეზე ვიტრიალებთ.

თუ ივანიშვილი დაინახავს, რომ “ოცნებას” სერიოზული პრობლემები გაუჩნდა, ვფიქრობ, გააქტიურდება. ჯერჯერობით, მისი ჩართვის აუცილებლობა არ ჩანს. მეორე მხრივ, ეფექტიან ლიდერად ჩამოყალიბდა გიორგი გახარია, მაგრამ მისი ლიდერობა მაინც ივანიშვილზეა დამოკიდებული. მეტიც, “ქართული ოცნება” ბიძინა ივანიშვილია”, – განაცხადა ექსპერტმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები