პროკურატურამ დააკავა უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე, რომლებმაც ნაქირავებ სახლში სათბური გააკეთეს, კანაფი მოიყვანეს და უკანონო გზით 200 ათას ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე კანაფის უკანონო დათესვის, მოყვანის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე, უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავა.

პროკურატურის ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა 2024 წლის აპრილში, თბილისში მდებარე საცხოვრებელი სახლი იქირავეს, მოაწყვეს სათბური, სადაც დათესეს და მოიყვანეს ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე კანაფი.

საქმიანობის წარმოების პროცესში, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავლებით, უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლისთვის კანონიერი სახის მიცემის მიზნით, 200 000 ლარზე მეტის ღირებულების 9 ავტომანქანა და ძვირადღირებული ტექნიკა შეიძინეს, რითაც განსაკუთრებით დიდი ოდენობის 200 000 ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს.

აღნიშნულ საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 9 კგ. ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე „კანაფი“, განსაკუთრებით დიდი ოდენობით 800 გრ. გამომშრალი „მარიხუანა“ და 900 გრ. ნედლი „მარიხუანა“. ასევე ამოღებულია ავტომანქანები და ტექნიკა.

საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა სამივე პირი, სასამართლოს განჩინების საფუძველზე 21 ოქტომბერს დააკავეს. ორ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, 265 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე კანაფის უკანონო დათესვა-მოყვანა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ჩადენილი ჯგუფურად, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ხოლო ერთს 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ჯგუფურად, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება) წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად, 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოვლენის მიზნით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები