გიორგი გაბუნია – ღარიბაშვილის საქმეზე: ადამიანურად, ეს ყველაფერი ძალიან ემოციურია და მძიმე საყურებელია
,,სახელმწიფოს გაცხადებული აქვს კორუფციის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლა. ამიტომ, რა სახის დანაშაული იყო ჩადენილი და თუ იყო, ძალოვანმა უწყებებმა უნდა დაადგინონ. ჯერ სრული ინფორმაცია არ გვაქვს, რომ ვიმსჯელოთ”,- ამის შესახებ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.
გაბუნიას თქმით, მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ საქმეზე სრული სიმართლე გაიგოს.
„ადამიანურად, ეს ყველაფერი ძალიან ემოციურია და მძიმე საყურებელია. ამ საკითხზე გამოძიება მიმდინარეობს. ვერაფერს გეტყვით, გარდა იმისა, რასაც ძალოვანი უწყებები ამბობენ. უნდა დაველოდოთ გამოძიებას და შედეგებს. მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ საქმეზე სრული სიმართლე გაიგოს. ემოციურია, რადგან ირაკლი ღარიბაშვილი ორჯერ იყო პრემიერ-მინისტრი და გუნდის ლიდერი. მასთან მეგობრობა, ურთიერთობა გვაკავშირებს. ეს ყველაფერი მოსასმენად და საყურებლად მძიმეა, მაგრამ სამართლებრივი სახელმწიფო ვართ და გამოძიების შედეგებს უნდა დაველოდოთ. სახელმწიფო ორგანოებს უნდა დავაცადოთ, რომ ჭეშმარიტება დაადგინონ. ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ ბრალდება ჯერ წარდგენილი არ არის. შესაბამისად, მან დააშავა რამე თუ არა, ჩვენი საუბარი ჭორაობას დაემსგავსება, ფაქტებს უნდა დაველოდოთ“, – აღნიშნა გიორგი გაბუნიამ.