„ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ როგორც სიტყვით, ასევე საქმით, გამოვყოთ ენერგია და რესურსები საზოგადოებრივი აზრის ობიექტურად გამოკითხვის სტანდარტის დასამკვიდრებლად, საზოგადოებაზე მანიპულაცია მიუღებელია და აფერხებს დემოკრატიას”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ფორუმზე – „საზოგადოებრივი აზრის ობიექტური გამოკითხვა ანგარიშვალდებული და დემოკრატიული მმართველობისთვის” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ფორუმი, რომელიც USAID/საქართველოს და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა, არჩილ თალაკვაძემ მისასალმებელი სიტყვით გახსნა. პარლამენტის თავმჯდომარემ საზოგადოებრივი აზრის ობიექტურად გამოკითხვისა და აღნიშნულ საკითხზე დისკუსიის გამართვის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
მისი თქმით, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა აუცილებელი ინსტრუმენტია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის. არჩილ თალაკვაძემ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ გამოკითხვების მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზარდა საარჩევნო წელს.
„საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ჩვენთვის – პოლიტიკოსებისთვის, ჟურნალისტებისთვის და სამოქალაქო საზოგადოების წევრებისთვის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რათა თვალი ვადევნოთ საზოგადოებაში არსებულ ტენდენციებს, რადგან ამას შეუძლია ჩვენი მოქალაქეების ქცევის, ცოდნის, მოსაზრებების, მისწრაფებების, დამოკიდებულებებისა და ღირებულებების შესახებ მნიშვნელოვანი ცოდნა მოგვცეს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საარჩევნო წელს, რადგან საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვას შეუძლია დაგვეხმაროს საარჩევნო კამპანიის უკეთ დაგეგმვაში, მოგვცეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორი მხარდაჭერა აქვს გარკვეულ ცვლილებებს, რამდენად შეიძლება კანდიდატის თვისებებმა იმოქმედოს ამომრჩეველთა გადაწყვეტილებაზე და ასე შემდეგ. აზრის გამოკითხვებით, კონკრეტულ საკითხებზე ყურადღების ფოკუსირების გზით, ასევე ხდება საზოგადოებრივი დისკუსიების ხელშეწყობა. არსებითად, საზოგადოებრივი პრეფერენციების გამოკითხვა ხელს უწყობს მოქალაქეთა პასუხისმგებლობიან დემოკრატიულ მმართველობას და ასრულებს ფუნდამენტურ როლს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაში. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ცხადია, გაზრდის მის მნიშვნელობას ჩვენს ქვეყანაში საარჩევნო ცვლილებების დროს”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები არსებითად პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდება, ხოლო 2024 წელს ქვეყანაში სრულად პროპორციული არჩევნები გაიმართება, როგორც ეს 2017-2018 წლების საკონსტიტუციო რეფორმითაა გათვალისწინებული.
“ეს ხელს შეუწყობს პოლიტიკური პარტიების ინსტიტუციონალიზაციის პროცესს. თავის მხრივ, მხარეები ეცდებიან საკუთარი ელექტორატის უკეთ გაცნობას. მიუკერძოებელი საჯარო გამოკითხვა გაზრდის მონაწილე მხარეთა ნდობას ამ პროცესის მიმართ”,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ USAID/საქართველოს და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ღონისძიების ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს არის „დროული ინიციატივა”. ფორუმის მონაწილეებს ასევე მიმართეს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა,კელი დეგნანმა, ბრიტანეთის ელჩის მოადგილე კლეარ ოლბლესმა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, გიგა ზედანიამ.