“პანდემიის პერიოდში „ჰუალინგ ჯგუფის” მიერ 15 მლნ ლარის ინვესტიცია იმის დასტურია, რომ საქართველო ეპიდემიოლოგიურად და ბიზნესისთვის უსაფრთხოა”

“მოხარულები ვართ, რომ „ჰუალინგ ჯგუფმა” საქართველოში კიდევ ერთი მსხვილი პროექტი დაასრულა – ჰიპერმარკეტ „მიჰაუსის” ასაშენებლად 15 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა და ეს ინვესტიცია ორმაგად მნიშვნელოვანია, ვინაიდან პროექტი საქართველოსა და მსოფლიოსთვის რთულ პერიოდში, პანდემიის დროს განხორციელდა”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა – ნათია თურნავამ ჰიპერმარკეტ „მიჰაუსის” გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„პანდემიის პერიოდში განხორციელებული, ჰუალინგ ჯგუფის” ეს პროექტი და ინვესტიცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა ეპიდემიოლოგურად და ბიზნესისთვის. ეს პროექტი ასევე ერთერთი მაგალითია, როგორ შეიძლება, ქართულმა ბიზნესმა, ინვესტორმა პრობლემა ახალ შესაძლებლობად აქციოს – იმის გამო, რომ ჰიპერმარკეტის დასრულება საგანგებო მდგომარეობას დაემთხვა და შეუძლებელი იყო ფიზიკური ვაჭრობა, ჰიპერმარკეტმა ფუნქციონირება ონლაინრეჟიმში დაიწყო”, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, ეს ის შემთხვევაა, როდესაც კარგ, დადებით გაკვეთილს გამოვიტანთ პანდემიიდან და პანდემიის შემდეგ, მათ შორის, ონლაინ, დისტანციური სერვისების დანერგვით.

ნათია თურნავას განცხადებით, განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ „მიჰაუსის” ჰიპერმარკეტში 150 ადამიანი დასაქმდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები