გიორგი ცუცქირიძე: ამ გაყალბებულ კვლევაშიც „ქართული ოცნება”, ფაქტობრივად, ორჯერ უსწრებს მეორე ადგილზე მყოფ „ნაციონალურ მოძრაობას”, „ევროპულ საქართველოსთან” ერთად დაჯამებულს

„კეზერაშვილის ტელევიზიის კვლევის თუნდაც ამ რეიტინგით, რომელიც ოპოზიციის მიერ არის დაკვეთილი, დასტურდება, რომ მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა და ეკონომიკის პოსტპანდემიური ხედვა მოსახლეობისათვის გაცილებით მისაღებია, ვიდრე ის შემოთავაზებები, რასაც ოპოზიცია, ცალ-ცალკე თუ ერთად აღებული, სთავაზობდა მოსახლეობას”, – ამის შესახებ ექსპერტი საბანკო-საფინანსო საკითხებში, გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, „ქართული ოცნება” ამ “თავისთავად გაყალბებულ კვლევაშიც” პირველ ადგილზეა და, ფაქტობრივად, ორჯერ უსწრებს მეორე ადგილზე მყოფ „ნაციონალურ მოძრაობას”, „ევროპულ საქართველოსთან” ერთად დაჯამებულს.

„ოპოზიციის პრობლემა და დილემაც ისაა, რომ მას საკუთარი ელექტორატის გაზრდის იმედი ნაკლებად აქვს. ელექტორალურ ზრდას სჭირდება ახალი და მიმზიდველი იდეები და, რაც მთავარია, ხვალინდელი დღისა და არსებული ხელისუფლების ალტერნატივის წარმოჩენა, რასაც ოპოზიცია უბრალოდ ვერ სთავაზობს მოსახლეობას, ხოლო დაშტამპული ცარიელი ნეოლიბერალური ხედვები, არც ეკონომიკაში და არც სოციოლოგიაში, უბრალოდ, აღარ მუშაობს. საკუთარი მხარდაჭერილი მედიის მიერ სიყალბის ტირაჟირება და სხვადასხვა სახის მანიპულაციები, მათ შორის, საზღვრების გახსნაზეც კი, იმდენად გაცვდა, რომ ჩვეულებრივ ,,ფეიკნიუსად” გადაიქცა. ამიტომაც არის, რომ საგარეო ფლანგზე გადატანილმა აქცენტებმა და ხელისუფლებაზე ზეწოლის ამ ინსტრუმენტმა აშკარად უკუშედეგი მოუტანა „ნაციონალებსა” და მასთან აფილირებულ თუ გამოყოფილ ოპოფლანგს, აქ, პირველ ყოვლისა, ევსაქებს ვგულისხმობ. და ერთიც, როგორც იტყვიან, ახლა ოპოზიცია უკვე იმყოფება დაღმავალ ტრენდზე, დაწყებულია მათი რღვევა და ეს პროცესი კიდევ გაღრმავდება, რადგან დაიწყება ერთმანეთის დაჭმა ტორტის დარჩენილი ნაჭრისთვის. ფანჩატურის იდილიაც დასრულებულია”, – წერს გიორგი ცუცქირიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები