“უკრაინა საქართველოს მხარს უჭერს ისევე, როგორც საქართველო გამოხატავს უკრაინის მიმართ მხარდაჭერას”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, შექმნილ ვითარებაზე მსოფლიოს მხრიდან რუსეთთან დაკავშირებით პოზიციის გამოხატვა აუცილებელია.
„უკრაინა მხარს გვიჭერს ისევე, როგორც ჩვენ ვუჭერთ მხარს და პარლამენტში მათ მიმართ მხარდამჭერი აქტიც მივიღეთ. არ მახსოვს, რომ მაშინ ოპოზიციას მხარი დაეჭიროს ან ეაქტიუროს. შეიძლება, რუსეთმა იმ დღესვე არ შეასრულოს ის, რასაც არა მხოლოდ უკრაინა, არამედ მთელი მსოფლიო მოუწოდებს, მაგრამ მსოფლიოს მხრიდან პოზიციის გამოხატვა და ყოველდღიური პრესინგი არის აუცილებელი, მადლობა ამისთვის უკრაინას“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის დაჭრასა და უკანონოდ დაკავებას მკაცრად გმობს.