გია ვოლსკი: განსაკუთრებული ყურადღება მართებს არა მარტო საქართველოს, არამედ – მის პარტნიორ ქვეყნებსაც
პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს მისამართით გაკეთებული განცხადება შეაფასა.
ვოლსკის თქმით, საქართველოსა და მის პარტნიორ სახელმწიფოებს განსაკუთრებული ყურადღება მართებთ.
“შემაშფოთებელია, როდესაც ოკუპანტი, თავად საერთაშორისო რეგლამენტის კანონების დამრღვევი და უკანონო საოკუპაციო ხაზების დამდგენი მხარე ამ დონის პოლიტიკურ მნიშვნელობას ანიჭებს იმას, რასაც ადრე საყოფაცხოვრებო ფორმატში განიხილავდა. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებული ყურადღება მართებს სახელმწიფოს და არა მარტო საქართველოს, არამედ – მის პარტნიორ ქვეყნებს”, – განაცხადა ვოლსკიმ.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო “საქართველოს მხრიდან რუსეთის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრების უკანონოდ გადაკვეთასთან დაკავშირებით გახშირებულ ინციდენტებს ეხმიანება”.
განცხადებაში ნათქვამია – “მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაასრულოს პროვოკაციული ქმედებები და განცხადებები და გამოიყენოს რუსეთთან, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან არსებული დიალოგის ფორმატები, მათ შორის, რეგიონული ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმები, ასევე, ჟენევის დისკუსიები ორმხრივ კონსტრუქციულ ჭრილში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად. საქართველოს ხელისუფლებისგან მოველით უფრო ენერგიულ განმარტებით სამუშაოებს საკუთარ მოსახლეობასთან, რათა არ დაუშვან საზღვრის უკანონო კვეთის ახალი შემთხვევები”.