კრეატიული ინდუსტრიების განვითარების გამოწვევებზე პარლამენტში საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგი გაიმართა
დღეს პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე საქართველოში კრეატიული ინდუსტრიების სფეროში არსებული მეკობრეობის პრობლემისა და მისი გადაჭრის გზების შესახებ იმსჯელეს.
შეხვედრა საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის ფორმატში გაიმართა კანონმდებლების, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების, სასამართლოს, ინტელექტუალური საკუთრების პოლიტიკის განმსაზღვრელი და მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროს მარეგულირებელი ორგანოების წარმომადგენლების, დარგის ექსპერტების, კერძო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა აქტიური ჩართულობით.
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი მეზურნიშვილმა შეხვედრის გახსნისას აღნიშნა, რომ კრეატიული ინდუსტრიების განვითარებაში ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევა მეკობრეობაა, რაც მარტო ჩვენი ქვეყნის პრობლემა არ არის, ეს არის ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევა მთელ მსოფლიოში განვითარებული ქვეყნებისთვისაც.
„ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, შეხვედრაში სხავადასხვა ინდუსტრიების წარმომადგენლების მონაწილეობა, ზუსტად იმ კომპანიების და იმ მხარეების, ვისი ინტერესებიც ირღვევა. ვფიქრობ, რომ ასეთი ტიპის დისკუსიებით, სადაც კანონმდებლები, ვინც საბოლოო ჯამში უნდა მოამზადონ კანონპროექტი, საქპატენტი, USAID, რომელიც დღევანდელი შეხვედრის ინიციატორი და დონორია, ერთობლივად ძალიან კარგ შედეგს დავდებთ. ეს დისკუსია გაგრძელდება და მივალთ ლოგიკურ დასასრულამდე, სადაც ყველას ინტერესები იქნება დაცული და პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნისთვის ეს იქნება იმიჯის ამაღლების კარგი შესაძლებლობა”, – განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტი” თავმჯდომარის, მინდია დავითაძის თქმით, მეკობრეობასთან ბრძოლა ამ სამსახურისთვის მნიშვნელოვან პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.
„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ავტორების უფლებები მაქსიმალურად იყოს დაცული. ასევე ვიტყვი, რომ იმ გამოწვევების გასამკლავებლად, რომელიც შეხვედრის დროს გაჟღერდა, ჩვენ ჩვენს ნაწილში მომზადებული გვაქვს საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელსაც შემდეგ შეხვედრებზე კერძო სექტორს წარვუდგენთ და დაიწყება განხილვები. ეს საკანონმდებლო ცვლილებები, რა თქმა უნდა, გულისხმობს კერძო სექტორის ჩართულობას აღსრულების მექანიზმების შემუშავებაში, რაც ხელს შეუწყობს საავტორო უფლებების დაცვის ხარისხის გაზრდას, ერთი მხრივ და მეორე მხრივ, ინტერნეტ მეკობრეობის შემცირებას. ეს ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და ველოდებით, რომ იქნება საერთო კონსენსუსი საჯარო და კერძო სექტორს შორის და კონკრეტული შედეგებიც უახლოეს მომავალში გამოჩნდება”, – განაცხადა „საქპატენტის” ხელმძღვანელმა.
შეხვედრის მონაწილეებმა, ექსპერტებმა და ინტერესთა ჯგუფების წარმომადგენლებმა ისაუბრეს შემოქმედებითი ჯგუფების წინაშე არსებული კონკრეტული პრობლემების შესახებ.
პოლიტიკისა და მართვის საკონსულტაციო ჯგუფის (PMCG) მთავარმა ექსპერტმა გიორგი პაპავამ პოლიტიკის დოკუმენტის – „კრეატიული ინდუსტრიების განვითარების გამოწვევები საქართველოში” პრეზენტაცია გამართა. რომლის თაობაზეც დისკუსია გაიმართა. გამოთქმული მოსაზრებების გათვალისწინებით, დაგეგმილია პოლიტიკის დოკუმენტის საბოლოო რედაქციის შემუშავება და ფართო აუდიტორიისთვის გაზიარება.