სოზარ სუბარი: ადამიანები, რომლებმაც სამგორის ბაზრობასთან სამი სტუდენტი ჩაცხრილეს, დღეს იგონებენ ტყუილებს და საზოგადოებას მოდელირებულ ამბავს აწვდიან
პრემიერის მრჩევლის რეგიონულ საკითხებში, სოზარ სუბარის განცხადებით, ოპოზიციას მოდელირებული რეალობის შექმნა სურს და პირდაპირ ტყუილებზე დაფუძნებულ ინფორმაციას აწვდის საზოგადოებას. ამის შესახებ სუბარმა ტელეკომპანია “იმედის” გადაცემაში – “არენა” განაცხადა.
“მართლა პირდაპირ იგონებენ ტყუილებს, ის კი არა, რომ რამე არასწორად დაინახეს ან სწორად დაინახეს, იგონებენ, მოდელირებულ ამბავს ქმნიან და აწვდიან საზოგადოებას. როგორც მოდელირებული “ქრონიკის” დროს იყო, რომ რუსეთის ტანკებმა გადმოლახეს საზღვარი, მოიწევენ თბილისისკენ და მცხეთას მივიდნენ, აი, დაახლოებით, ასეთი რეალობის შექმნა უნდათ, რაც, ბუნებრივია, არ გამოუვათ”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
სუბარმა გირგვლიანისა და რობაქიძის საქმეების შესახებაც ისაუბრა, ასევე, გაიხსენა სამგორის ბაზრობასთან ჩაცხრილული სამი ახალგაზრდა და აღნიშნა, რომ მსგავსი სისასტიკე იშვიათია. მისი თქმით, დღეს კი ადამიანები, რომლებმაც ასეთი დანაშაული ჩაიდინეს, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას კვლავ ცდილობენ.
“რაც შეეხება, იგივე, გირგვლიანის საქმეს. ამ შემთხვევაში, შს მინისტრის ცოლმა და რამდენიმე მაღალჩინოსანმა, რომლებიც ისხდნენ მაგიდასთან, გასცეს ბრძანება, მეორე – მაღლჩინოსნებმა გაიტაცეს და მოკლეს ადამიანი, მესამე – უმაღლესი თანამდებობის პირები ჩართულნი იყვნენ, რომ საზოგადოებისთვის ეთქვათ ტყუილი, საქმიდან ცდილობდნენ მტკიცებულებების გაქრობას; შემდეგ რომ არ ყოფილიყო პატარკაციშვილის სახლზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერები, რომლებმაც მანქანების გადაადგილება აღნუსხეს და რომ არ ყოფილიყო კერძო მფლობელობა, ამ საქმის გამოძიება მართლა შეუძლებელი იქნებოდა. შემდეგ პარლამენტმა შეცვალა კანონები, სასამართლომ ჩაიდინა უამრავი სიყალბე, პროკურატურამ, პრეზიდენტი იყო პირადად ჩართული და ბოლოს პრეზიდენტმა შეიწყალა ეს ადამიანები, რომლებმაც საშინელი დანაშაული ჩაიდინეს. თუმცა, იგივე, გირგვლიანის, რობაქიძის საქმესთან შედარებით ყველაზე მკაფიო რაც არის, როცა პირდაპირ ქუჩაში სამი ახალგაზრდა დახვრიტეს სამგორის ბაზრობასთან. შეიძლება ვთქვათ, რომ რობაქიძის შემთხვევაში არ უნდოდა, მაგრამ მერე დაიწყეს გაყალბებები, მაგრამ აქ უკვე პირდაპირ უნდოდათ ადამიანების მოკვლა, ხელფეხშეკრული ახალგაზრდები პირდაპირ ქუჩაში ჩაცხრილეს, შემდეგ მოიგონეს მითი, თითქოს, ეს ადამიანები აპირებდნენ რუსთავის რომელიღაც სასჯელაღსრულების დაწესებულებაზე თავდასხმასა და იქედან პატიმრების გათავისუფლებას – სტუდენტი ბავშვები, რომლებიც ქუჩაში მიდიოდნენ იმ დროს. ასეთი რამ ისტორიას არ ახსოვს, საქართველოში კი არა, მსოფლიოში შეიძლება, მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში ძნელი მოსაძებნი იყოს ასეთი ამბავი. აი, ეს ადამიანები დღეს წარმოუდგენელ მითებს ქმნიან, ცდილობენ ოჯახის და ყველას დაბულინგებასა და შეცდომაში შეყვანას”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.