უკრაინამ ესპანეთის მიერ ძებნილი ქართველი “კანონიერი ქურდის” დეპორტაცია მოახდინა
უკრაინიდან ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდის, კახა ორაგველიძის, იგივე “კახა ტბილისკის” დეპორტაცია მოხდა.
ორაგველიძე უკრაინის ეროვნულმა პოლიციამ პირველ მარტს ჩერნოვიცკის ოლქის პუტილოვოს რაიონში იმ დროს დააკავა, როდესაც იგი საზღვრის გვერდის ავლით რუმინეთში გადასვლას ცდილობდა.
მაშინ ორაგველიძე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოქალაქეობის არმქონე პირთა და ქვეყანაში უკანონოდ მყოფთა დროებითი განთავსების პუნქტში მოათავსეს.
8 ივლისს კი მისი დეპორტაცია მოხდა და ამიერიდან მას უკრაინაში შესვლა სამი წლით აეკრძალა.
ამასთან, უკრაინის ეროვნულ პოლიციაში არ აზუსტებენ, რომელ ქვეყანაში მოხდა ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის დეპორტაცია.
“კახა ტბილისკს” ესპანეთის სამართალდამცავი ორგანოები განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებებისთვის 2016 წლიდან ეძებენ. ესპანეთის კანონმდებლობით, მას თავისუფლების 24 წლით აღკვეთა ემუქრება.