“სამინისტროს ინტერესშია, პარლამენტმა „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონპროექტი, შესაძლებლობის ფარგლებში, მაქსიმალურად სწრაფად მიიღოს”
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი სამოქალაქო აქტივისტების „გავიგუდე“ წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მთავრობის მიერ მოწონებული „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ ახალი კანონპროექტის შესახებ პარლამენტში განხილვის დაჩქარების საკითხი განიხილეს.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ახალი კანონპროექტი საკმაოდ კომპლექსურია და ის მთლიანად შეცვლის გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის მიდგომებს. მნიშვნელოვანია, რომ კანონპროექტის შემუშავებაში ყველა დაინტერესებული მხარე იყო ჩართული.
„საზოგადოებისა და კერძო სექტორის მზაობის გარეშე ვერცერთი საკანონმდებლო ცვლილება შედეგს ვერ მოიტანს. „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ ახალი კანონპროექტის შემუშავებისას ჩვენ აქტიური კომუნიკაცია გვქონდა როგორც საჯარო, ასევე – კერძო და არასამთავრობო სექტორთან. სამინისტროს ინტერესშია, პარლამენტმა კანონპროექტი შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად სწრაფად მიიღოს“, -აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
ცნობისათვის, “გავიგუდე“-ს წარმომადგენლებმა იმ რისკებზე ისაუბრეს, რასაც კანონპროექტის საშემოდგომო სესიაზე განხილვა გამოიწვევს. სამოქალაქო აქტივისტების განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ კანონპროექტის განხილვა საგაზაფხულო სესიის ფარგლებში მოხდეს და მისი მიღება დაჩქარდეს.