რას ითხოვს სოხუმის უნვიერსიტეტის რექტორი ჩილაჩავასგან?
სოხუმის სახელმწიფო უნვიერსიტეტის რექტორი და საქართველოს ჰუმბოლდტის კლუბის გენერალური მდივანი ჯონი აფაქიძე ფეისბუქის პირად გვერდზე პროფესორ თემურ ჩილაჩავას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. ჩილაჩავას მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ალექსანდრე ფონ ჰუმბოლდტის ფონდის ერთ-ერთი ქართველი სტიპენდიატი საზოგადოების ნაკლებად გათვითცნობიერებულ ნაწილს თავს აცნობს როგორც ამ ფონდის ლაურეატს. ჯონი აფაქიძე აცხადებს, რომ მსგავსი რამ არც მას და არც საქართველოს ჰუმბოლდტის კლუბის არც ერთ წევრს არასდროს არ სმენიათ. აფაქიძე თემურ ჩილაჩავასგან ამ სტიპენდიატის ვინაობის დასახელებას კატეგორიულად მოითხოვს.
„როგორც გადმომცეს, პროფესორი თემურ ჩილაჩავა Facebook-ით ავრცელებს ინფორმაციას, თითქოს ალექსანდრე ფონ ჰუმბოლდტის ფონდის ერთ-ერთი ქართველი სტიპენდიატი საზოგადოების ნაკლებად გათვითცნობიერებულ ნაწილს თავს აცნობდეს, როგორც ამ ფონდის ლაურეატი. როგორც საქართველოს ჰუმბოლდტის კლუბის გენერალური მდივანი და როგორც ამ ფონდის მეცნიერების ელჩი საქართველოში, კატეგორიულად მოვითხოვ ბატონ ჩილაჩავასაგან, დაასახელოს ამ სტიპენდიატის ვინაობა. შევნიშნავ, რომ მსგავსი რამ არც მე და არც საქართველოს ჰუმბოლდტის კლუბის არცერთ წევრს არასდროს არ გვსმენია. ამასთან ერთად, ვთხოვ პროფესორ ჩილაჩავას, დაასახელოს წყარო, რომლის თანახმადაც, მსოფლიოში დღეს ასი ათასობით ჰუმბოლდტელი მეცნიერია! ჩემთვის პირადად ამგვარი წყაროს არსებობა უცნობია. თუ ის ამგვარ წყაროს ვერ დაასახელებს, ეს ჩვენ მიერ აღქმული იქნება როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული სამეცნიერო ფონდის საქმიანობის დაკნინების მიზანმიმართული მცდელობა ქართულ სამეცნიერო საზოგადოებაში. ეს განცხადება შეიძლება ასევე აღქმული იყოს, როგორც კრეატიული მეცნიერების წინააღმდეგ გადადგმული სამწუხარო ნაბიჯი. იმისათვის, რომ საზოგადოება არ იქნეს შეცდომაში შეყვანილი, ჩემი, როგორც საქართველოს ჰუმბოლდტის კლუბის გენერალური მდივნის პირდაპირი მოვალეობაა, განვაცხადო შემდეგი: ალექსანდრე ფონ ჰუმბოლდტის ფონდი 1860 წელს ბერლინში დაარსდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ფონდმა განაახლა მუშობა და განსაკუთრებული აქტივობები დაიწყო 1953 წლიდან (ეს წელი პრინციპში მიჩნეულია ფონდის ხელახალი დაარსების თარიღად). დღემდე მთელი მსოფლიოს მასშტაბით (130 ქვეყანა) ეს სტიპენდია მიღებული აქვს 26000-ზე ოდნავ მეტ მეცნიერს / ზოგი მონაცემებით კი 24000-ზე ოდნავ მეტს (მეცნიერების ყველა დარგის წარმომადგენელს). ცნობისათვის: საქართველოში დღემდე სულ 35 ჰუმბოლდტელი გვყავს (სამწუხაროდ, 2 ჰუმბოლდტელი უკვე გარდაიცვალა). ქართველი ჰუმბოლდტელებიდან 3 ჰუმბოლდტის პრემიის ლაურეატია, 30 ჰუმბოლდტის სამეცნიერო სტიპენდიატია (ისინი წარმოადგენენ მეცნიერების სხვადასხვა დარგს), ხოლო 1 ჰუმბოლდტის სამცნიერო სტიპენდიატი და პროექტის პარტნიორია. გარდა ჰუმბოლდტის პრემიის ლაურეატებისა და სამეცნიერო სტიპენდიატებისა, გვყავს 1 ჰუმბოლდტის პროფესორი. ცნობისათვის: ჰუმბოლდტის ქართველი სამეცნიერო სტიპენდიატების ერთი ნაწილი ცხოვრობს და მუშაობს საზღვარგარეთის წამყვან სამეცნიერო-კვლევით ცენტრებში, ნაწილი კი საქართველოში მოღვაწეობს. ასევე მინდა შევნიშნო, რომ ამ ფონდის სამეცნიერო სტიპენდიის მოპოვება ხდება მხოლოდდამხოლოდ მეცნიერების კონკრეტულ დარგში გამორჩეული (Exellenze) სამეცნიერო მიღწევებისათვის და არა რაიმე სხვა მოსაზრებებით. რაც უფრო მეტი ჰუმბოლდტის სტიპენდიატი ეყოლება ჩვენს ქვეყანას, ეს მით უკეთესია საქართველოში მეცნიერების სხვადასხვა დარგის შემდომი განვითარებისათვის და ზოგადად საერთაშორისო არენაზე ქართული მეცნიერების აღიარებაცაა. ახლა უკვე ფეისბუქის მეშვეობითაც მოუწოდებ ახალგაზრდა თუ უკვე ცნობილ და წარმატებულ მეცნიერებსაც (რომელთა მიერ დისერტაციის დაცვიდან 12 წელი არ არის გასული), მონაწილეობა მიიღონ ჰუმბოლდტის სტიპენდიის მოსაპოვებელ კონკურსში. მზად ვართ მათ გავაცნოთ სტიპენდიაზე დოკუმენტაციის წარდგენის პირობები“, – წერს აფაქიძე.